„კომუნალური“ ინფორმაცია: რამდენმა ადამიანმა ისარგებლა *303#ok-ს მომსახურებით - სემეკი

© photo: Sputnikსემეკი
სემეკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
*303#ok-ს ფუნქციებს შორის მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგებისთვის დარიცხული გადასახადის გადამოწმება.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. სემეკის მიერ დანერგილი *303#ok-ს მომსახურების ამოქმედებიდან დღემდე კომუნალური ინფორმაციის მისაღებად 3.153.217 ტრანზაქცია განხორციელდა, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მობილურ ტელეფონში *303#ok-ს აკრეფით მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის ავარიული წყვეტა, რაზეც კომპანია ვალდებულია ოპერატიულად განახორციელოს რეაგირება; დააფიქსიროს მომარაგების პრობლემა, მათ შორის დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა; გადაამოწმოს დარიცხვა; მიიღოს ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი; მობილურის სასურველ ნომერი დაამატოს აბონენტის ნომერზე, წაშალოს არასასურველი ნომერი.
საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია კომუნალური ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონებზე *303#ok-ს საშუალებით. მომსახურება უფასოა, არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას და ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის.
*303#ok-ს აქვს სხვადასხვა ფუნქცია, თუმცა მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგებისთვის დარიცხული გადასახადის გადამოწმება. მომხმარებელს აღარ სჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირება, არამედ მობილურ ტელეფონზე *303#ok-ს და შესაბამისი მოთხოვნის მითითებით მარტივად და მოკლე დროში იღებს კომუნალური კომპანიისგან უკუკავშირსა თუ განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება შესაძლებელია ქვითრის მისვლისთანავე.
„სემეკის მიზანია მომხმარებლებს გაუმარტივოს მომსახურების მიღება კომუნალური კომპანიებისგან“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
*303#, როგორც მობილური ტელეფონისთვის განკუთვნილი მომსახურება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის მომხმარებლებისთვის 2020 წელს შეიქმნა. უახლოეს ხანებში იგეგმება აპლიკაციის შექმნა.
ყველა ახალი ამბავი
0