საქართველოს ხელისუფლებამ „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
კვლევის მონაცემები ეჭვს აჩენს კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჭვირვალობის, ანალიზის წყაროებისა და დახურული შერჩევის პრინციპების გამო, აცხადებენ მმართველ პარტიაში.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ავტორიტეტული ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) კვლევის შედეგები ეჭვს აჩენს, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ყოველწლიური კვლევა 20 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტში შეფასებულია დემოკრატიის მდგომარეობა მსოფლიოს ქვეყნებში. ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის დონე საქართველოში 2021 წელთან შედარებით 3,18-დან 3,07 პუნქტამდე დაეცა. საქართველო კვლავ რჩება კატეგორიაში „გარდამავალი მმართველობა ან ჰიბრიდული რეჟიმი“.

„ანგარიშში არის ცალკეული საკითხები, რომელთა ნამდვილობა და ობიექტურობა კითხვის ნიშნებს აჩენს კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჭვირვალობის, ანალიზის წყაროებისა და დახურული შერჩევის პრინციპების გამო“, – განაცხადა ბრიფინგზე სარჯველაძემ.

დეპუტატის თქმით, ანგარიშში ქვეყნების რეიტინგის გრადაცია სადავოა და არადამაჯერებლად გამოიყურება.
სარჯველაძეს მაგალითად მოჰყავს ის, რომ ორგანიზაციის მონაცემებით, ურუგვაიში უფრო თავისუფალი დემოკრატიაა, ვიდრე ბელგიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და გერმანიაში, ხოლო ტუვალუ უსწრებს იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ესპანეთს, აშშ-სა და საფრანგეთს.
ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მაჩვენებლები სამ კატეგორიაში დაეცა, დანარჩენებში კი უცვლელი დარჩა.
კერძოდ, ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ქულა 2,50-დან 2,25-მდე შემცირდა, რაც უკავშირდება 2021 წლის 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების ჩავარდნასა და პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას.
შეთანხმება გაფორმდა იმისთვის, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, პარლამენტის ბოიკოტი შეეწყვიტათ. მაგრამ 2021 წლის 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ მოულოდნელად პოლიტიკური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
მმართველმა პარტიამ თავისი გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, მის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. თუმცა 2 სექტემბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დოკუმენტს მაინც შეუერთდნენ.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ქულებიც 4,25-დან 4,00-მდე დაეცა, რაც განაპირობა აგრესიული ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის ისეთი გარემოს შექმნამ, რასაც 2021 წლის ივლისში მოჰყვა თავდასხმა „თბილისი პრაიდის“ და მასმედიის წარმომადგენლებზე.
ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა. იმ დღეებში სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
ანგარიშის მიხედვით, ასევე გაუარესდა სასამართლო ხელისუფლების და მისი დამოუკიდებლობის ქულები 2,75-დან 2,50-მდე. ანგარიშის ავტორები ამას უკავშირებენ „გაუთავებელ და მზარდ კრიზისს სასამართლო სისტემაში“ და მთავრობის წარუმატებლობას რეფორმების ჩატარებისას.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და საკამათო საკითხია პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლოებს კლანები მართავენ, მმართველი პარტია კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა მთლიანად დამოუკიდებელია.
სასამართლო სისტემა საქართველოში კრიტიკის ყველაზე ხშირი ობიექტი ხდება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე პარტნიორების მხრიდანაც. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ მართლმსაჯულების სისტემაში.
ყველა ახალი ამბავი
0