„წარმოუდგენელი აგრესიულობა“. რას აპირებენ ვაშინგტონი და ბრიუსელი ევროპაში

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
ანდრეი კოცი
ფინეთისა და შვედეთის მთავრობები უკრაინაში რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის ფონზე აქტიურად იხილავენ ნატოში გაწევრიანების საკითხს. ამავდროულად, ბრიუსელი აძლიერებს აღმოსავლეთ ევროპის ფლანგს, ზრდის საჯარისო დაჯგუფებებს და ამკაცრებს რიტორიკას მოსკოვის მიმართ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო ქმედებები - „რია ნოვოსტის“ მასალაში.

სკანდინავია ნატოში

ფინეთი და შვედეთი მრავალი ათწლეულის განმავლობაში იცავდნენ ნეიტრალიტეტს და პრინციპულად ინარჩუნებდნენ ამ სტატუსს. უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ამ ქვეყნების როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიები ალაპარაკდნენ ნატოში გაწევრიანებაზე.
ფინეთის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის თქმით, მოსკოვისა და ჰელსინკის ურთიერთობები აღარასდროს იქნება წინანდებური. მისი აზრით, „ევროპის უსაფრთხოების სისტემაში კარდინალური ცვლილებების“ პირობებში აუცილებელია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება.
მსგავსი პოზიცია აქვს შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონსაც. სავარაუდოდ, ორივე ქვეყანა გააკეთებს განაცხადს ნატოს სამიტზე, რომელიც 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება.
ალიანსში ფინეთსა და შვედეთს დიდი ხანია, ელიან. გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაპირდა მათ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად მიიღებს მათ გაერთიანებაში. ასეთი ენთუზიაზმი გასაგებია: ბრიუსელი შეძლებს, გააკონტროლოს სკანდინავიის ნახევარკუნძული და ბალტიის ზღვის პრაქტიკულად მთელი სანაპირო ზოლი. უმნიშვნელოვანესი რუსული საპორტო ქალაქი მურმანსკი კი ალიანსის საზღვრებიდან სულ რაღაც ასი კილომეტრის დაშორებით აღმოჩნდება. ნატოში ფიქრობენ, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მოსკოვზე ზეწოლას.
ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა კრემლის რეაქცია. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ნატო-რუსეთის სახმელეთო საზღვრების სიგრძე ორჯერ გაიზრდება. ეს გამოიწვევს სახმელეთო ჯარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას, ასევე დამატებითი სამხედრო-საზღვაო ძალების განთავსებას ფინეთის ყურეში. „ბალტიკის არაბირთვულ სტატუსზე საუბარი შეუძლებელი იქნება: ბალანსი უნდა აღდგეს“, - ხაზი გაუსვა მან.

აღმოსავლეთის ფლანგი

რუსეთზე ზეწოლას სხვა მიმართულებებიდანაც აგრძელებენ. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მუშაობს აღმოსავლეთ ფლანგზე მუდმივი სამხედრო ძალების სრულმასშტაბიანი განთავსების გეგმაზე, რათა შეაჩეროს რუსეთის აგრესია. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმყოფება „ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესში“, რაც გაანეიტრალებს მოსკოვის ქმედებების „გრძელვადიან შედეგებს“. აღმოსავლეთ ევროპაში იმყოფება ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც ნატო ხელმძღვანელობს.
„რუსეთის აქტიურობის საპასუხოდ ჩვენ ავამოქმედეთ ნატოს თავდაცვის გეგმა, განვათავსეთ რეაგირების ძალების დანაყოფები და 40 ათასი სამხედრო მოსამსახურე აღმოსავლეთის ფლანგზე, მნიშვნელოვან სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. - ვქმნით ასევე ოთხ დამატებით მრავალეროვნულ საბრძოლო ჯგუფს ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში“.
ასეთივე ჯგუფები 2016 წელს ჩამოყალიბდა ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში.

მეტი ფული და ჯარისკაცი

გარდა ამისა, ნატოს ქვეყნებმა დიდი ფულის ჩადება გადაწყვიტეს შეიარაღებაში. პენტაგონი 773 მილიარდ დოლარს დახარჯავს - 9,8%-ით მეტს, ვიდრე გეგმავდა.
ბერლინი სამხედრო ბიუჯეტს სულ მცირე 100 მილიარდი ევროთი გაზრდის.
პოლონეთი შეიარაღებულ ძალებს 300 ათას კაცამდე გაზრდის. გარდა ამისა, გამოთქვეს აშშ-ის ბირთვული იარაღის განთავსების მზადყოფნა.
ლოიალობისთვის ჯილდოს სახით პენტაგონი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თანამედროვე იარაღის გადაცემას დაპირდა. ექსპერტების აზრით, ეს ამერიკულ თავდაცვით კომპანიებს უზარმაზარ მოგებას მოუტანს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0