როგორ იქცა ბრწყინვალე ქართველი თავადი პაპიროსის გამყიდველად: ამბავი ნიკო ბურისა

© National Parliamentary Library of Georgiaნიკოლოზ ბაგრატიონი-მუხრანელი (ნიკო ბური)
ნიკოლოზ ბაგრატიონი-მუხრანელი (ნიკო ბური)  - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
Sputnik-ის ავტორი, მწერალი იგორ ობოლენსკი თავად ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელის ისტორიას გიამბობთ.
მანამ, სანამ რუსთაველის სახელობის მეტროს სადგურის მშენებლობა დაიწყებოდა, აქაურობას სასახლის მოედანი ერქვა. 30-იანი წლების დასაწყისში სწორედ იმ ადგილზე, სადაც ახლა შოთა რუსთაველის ბრინჯაოს ქანდაკებაა აღმართული, თამბაქოს მოძრავი ჯიხური იდგა, რომელსაც ყოველ დილით ჩოხაში გამოწკეპილი, ტანმაღალი ბატონი აღებდა.
თუ ვინმე გამოლაპარაკებას შეეცდებოდა, ბატონი ხაზგასმით მშრალად, თავის დაკვრითა და ერთი სიტყვით პასუხობდა სალამზე. არადა, კლიენტებიდან, თითქოს ჯიბრზე, ყოველი მეორე ნაცნობი იყო — მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ლამის ყველა ტფილისელი იცნობდა ერთმანეთს — სახელით თუ არა, სახით მაინც…
ჩოხოსანი ბატონი კლიენტს პაპიროსს მიაწვდიდა, ხურდას უჯრაში ჩაყრიდა, ხალხით სავსე ქუჩას გაერიდებოდა და საკუთარ ფიქრებში იძირებოდა.
ეს თავადი ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი გახლდათ, რომელსაც ტფილისელები უბრალოდ „ბურს“ ეძახდნენ. ეს სახელი ისტორიული მოვლენის დამსახურებით შეიძინა თავადმა ნიკოლოზმა და მთელი იმპერიის მასშტაბითაც გაითქვა სახელი; იმპერიისა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მაშინ საქართველო.
© არქივის ფოტონიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი, იგივე ნიკო ბური
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი, იგივე ნიკო ბური - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი, იგივე ნიკო ბური
თუმცა ნიკოლოზ ბაგრატიონს მანამდეც ბევრი იცნობდა, ვინაიდან წარჩინებული ოჯახიშვილი გახლდათ. ბაგრატიონ-მუხრანელები მდინარე მტკვრის მთელი მარჯვენა სანაპიროს მფლობელები იყვნენ. ეს მიწები ოჯახმა მხოლოდ მაშინ გაყიდა, როცა საქმეები ცუდად წაუვიდა.
ბაგრატიონ-მუხრანელებს ვალები დაედოთ და ჩემი ისტორიის გმირის მამას სხვა გზა აღარ დარჩა, იმპერატორ ალექსანდრ მეორეს სააჯო წერილი აახლა — ვალად აღებული 600 ათასი მანეთის პატიებას სთხოვა. თუმცა წერილის ნამდვილი ავტორი ბაგრატიონის სიძე, ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი პლატონ იოსელიანი იყო, რომელსაც ნიკოლოზის მამიდა შეერთო ცოლად.
მას ახლო ურთიერთობა ჰქონია იმპერატორის ძმასთან, დიდ თავად მიხაილ ნიკოლოზის ძესთან, რომელიც წარსულში კავკასიის მეფისნაცვალი იყო. მეფის ძმა დიდი დემოკრატი ყოფილა და ძლიერ ჰყვარებია ტფილისურ „სალდათის ბაზარში“ სეირნობა, სადაც მას უბრალოდ „ჩვენ მიხაკოს“ ეძახდნენ.
ერთი სიტყვით, პლატონ იოსელიანის მიერ გიორგი ბაგრატიონის სახელით შედგენილი წერილი იმპერატორის სახელზე იმდენად თავაზიანად და ჭკვიანურად იყო დაწერილი, რომ ბაგრატიონ-მუხრანელებს ვალი აპატიეს.
ნიკოლოზმა და მისმა ძმამ საწყისი განათლება დალაქის ოჯახში მიიღეს. დიახ, გიორგი ბაგრატიონი დარწმუნებული იყო, რომ მის ვაჟებს კარგ მანერებსა და, რაც მთავარია, ფრანგულ ენას პარიზიდან ჩამოსულ მუსიე ბერლიმონზე უკეთ ვერავინ შეასწავლიდა.
როგორც ნიკო ბური იხსენებდა, დალაქის ოჯახში ძმასთან ერთად სამი წელი გაუტარებია და მთელი ეს დრო წამებას უფრო ჰგვანებია, ვიდრე ცხოვრებას. თუმცა საბოლოოდ ბიჭები ისე დაუფლებიან ფრანგულს, რომ პირწმინდად დავიწყებიათ მშობლიური ქართული. ის კი არა, თურმე მამასაც თარჯიმნის მეშვეობით ელაპარაკებოდნენ. მუსიე ბერლემონი ამით ძალიან ამაყობდა, ამბობდა, პატარა აზიატები გამოვწვრთენიო.
ამის მერე ბაგრატიონებს პროფესიონალი მასწავლებლები აუყვანეს და „ეკზამენების“ ჩაბარების შემდეგ ძმები გიმნაზიაში ჩაირიცხნენ…
© არქივის ფოტონიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი მეუღლესთან, ანა ბუჭყიაშვილთან ერთად
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი მეუღლესთან, ანა ბუჭყიაშვილთან ერთად. - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი მეუღლესთან, ანა ბუჭყიაშვილთან ერთად
თავადმა ნიკოლოზმა პირველი კაპიტალი ყარსის რკინიგზაზე მენარდედ - „პოდრიადჩიკად“ მუშაობით დააგროვა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, გადაწყვიტა დიდი ხნის ოცნება აესრულებინა — სამსახური მიატოვა, ფული ბანკში შეინახა და უცხოეთში სამოგზაუროდ წავიდა.
ახალი საუკუნის პირველ წლებში 32 წლის თავადმა აფრიკაში ამოჰყო თავი. ამბობდნენ, საფარიზე წავიდაო. აფრიკაში ჩასულმა ბაგრატიონმა შეიტყო, რომ ინგლისი ბურებთან ომს აწარმოებდა, რათა თავისი კოლონიური სამფლობელოებისთვის ბურების ქვეყანა ტრანსვაალიც მიეერთებინა.
და ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტა დაეცვა ბურები.
როცა მეფეთა შთამომავალ ნიკოლოზ ბაგრატიონს სიცოცხლის ბოლოს ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტე ბურების მხარეს ბრძოლაო, იგი გამოტყდა:
— ბურებზე მანამდე არაფერი ვიცოდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ მათი ბედი ჩემი ქვეყნის ბედს ჰგავდა. ისინიც ჩვენსავით ოცნებობდნენ დამოუკიდებლობაზე და მივხვდი, რომ უნდა მივშველებოდი.
თავადი ფრანგულ კორპუსში გაამწესეს, ვინაიდან კარგად იცოდა ეს ენა.
ნიკოლოზ ბაგრატიონმა რამდენიმე ბრძოლაში მოასწრო მონაწილეობა და 1900 წლის 24 მარტს ტყვედ ჩავარდა. სხვათა შორის, მის დაკითხვებს ინგლისური გაზეთი „მორნინგ სტარის“ ახალგაზრდა კორესპონდენტი უინსტონ ჩერჩილიც ესწრებოდა. ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელს სასტიკი განაჩენი გამოუტანეს: დახვრეტა!
მაგრამ ბედისწერა თურმე სულ სხვა რამეს უმზადებდა მას. დილით, შეიარაღებული შოტლანდიელი ჯარისკაცების მწკრივის წინ მდგარი, დასახვრეტად გამზადებული ქართველი თავადი საკუთარმა გვარმა და დედის ფოტოსურათმა იხსნა, რომელსაც თურმე ხშირ-ხშირად დახედავდა, სანამ სიცოცხლეს ემშვიდობებოდა.
დამსჯელი რაზმის მეთაური ოფიცერი დაინტერესდა, რას უყურებდა ტყვე. მიუახლოვდა მას და სურათი ჩამოართვა…
© არქივის ფოტონიკო ბური ქალიშვილებთან, ნატალიასა და რუსუდანთან ერთად.
ნიკო ბური ქალიშვილებთან, ნატალიასა და რუსუდანთან ერთად. - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
ნიკო ბური ქალიშვილებთან, ნატალიასა და რუსუდანთან ერთად.
მოგვიანებით ნიკო იხსენებდა, დედის სურათის წართმევა უფრო დიდი საშინელება იყო, ვიდრე სიცოცხლის წაგვრის პერსპექტივა, იმიტომ რომ მინდოდა დედის სურათი ჩაეყოლებინათ საფლავშიო…
— ვინ არის ეს? — უკითხავს ინგლისელ ოფიცერს და ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი ლამაზი ქალბატონის ფოტოზე მიუთითებია.
— დედაა ჩემი, — უპასუხია ნიკოს.
მაშინ ოფიცერი გარეგნულად გამორჩეული ნიკოს ეროვნებით დაინტერესებულა. როდესაც ტყვეს უთქვამს, ქართველი ვარ, გვარად ბაგრატიონ-მუხრანელიო, ინგლისელი კიდევ მეტად ჩასძიებია.
— და რად გეკუთვნით ნაპოლეონთან მებრძოლი ცნობილი გენერალი პეტრე ბაგრატიონ-მუხრანელი?
— ჩემი ახლო ნათესავია, — უთქვამს ქართველ ტყვეს.
და სწორედ ამ პასუხს გადაუწყვეტია მისი შემდგომი ბედი: დახვრეტა გააუქმეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ინგლისელი ოფიცერი პეტრე ბაგრატიონის სამხედრო გენიის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა.
მაგრამ ტყვე უნდა დასჯილიყო და ამიტომ დახვრეტის ნაცვლად ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. კუნძულზე, რომელზეც ნაპოლეონ ბონაპარტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა, ქართველმა თავადმა შვიდი თვე დაჰყო.
ტყვისთვის იქ ცხოვრების პირობები იოლად ასატანი არ ყოფილა: კარავში ეძინა ფქვილით სავსე ტომრებზე და თავქვეშ ბალიშის ნაცვლად მიწით გატენილი პიჯაკი ედო. თანაც, კუნძულზე ტიფის ეპიდემია გაჩნდა და მხოლოდ ტყვეები კი არა, ადგილობრივი მოსახლეობიდანაც ბლომად ხალხი შეიწირა.
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი სენს გადაურჩა — შესაძლოა იმიტომ, რომ საოცრად უნდოდა საქართველოში დაბრუნება და დედის ნახვა.
იმ მომენტისთვის თავად ბაგრატიონის შესახებ მსოფლიოს ლამის ყველა გაზეთი წერდა, რომლებიც მას ნიკო ბურად მოიხსენიებდნენ. წმინდა ელენეს კუნძულზე ევროპიდან და ამერიკიდან ჩასულ ხომალდებს პირადად ნიკოსთვის გამოგზავნილი საჩუქრები ჩაჰქონდათ…
ბოლოს და ბოლოს, ნიკო ბური გადასახლებიდან გაათავისუფლეს, მაგრამ კუნძულის დატოვება იოლი საქმე არ გამოდგა — ყოფილ ტყვეს საკუთარი ხარჯით უნდა მოეხერხებინა გამგზავრება, არადა, თავადს კაპიკი არ ებადა. ამიტომ მისი ხარჯების დაფარვა ერთმა ფრანგმა მეგობარმა ითავა…
რუსეთში დაბრუნებულ ნიკო ბურს ისე დახვდნენ, როგორც ნამდვილ გმირს შეეფერებოდა. სანქტ-პეტერბურგში მას დედის მიერ გამოგზავნილი ათასი მანეთი და წერილი ელოდა. დედის სიცოცხლით გახარებულმა ნიკომ მეგობრებს ვალები დაუბრუნა, დაუყოვნებლივ აიღო ბილეთი და სამშობლოში გამოემგზავრა…
1921 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ ნიკო ბური ოჯახთან ერთად საფრანგეთში აპირებდა წასვლას, მაგრამ ბოლო მომენტში სამშობლოს მიტოვება გადაიფიქრა — ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა საქართველოს გარეშე.
საზღვარგარეთ ნიკომ თავისი ქალიშვილები გაამგზავრა, რომლებსაც იქ მამის თანაპოლკელები დაუდგნენ გვერდში. თავად ნიკო ბური, მისი მეუღლე და ერთი ქალიშვილი ალექსანდრა ტფილისში დარჩნენ.
როცა ბოლშევიკებმა ბაგრატიონების მთელი ქონება მიითვისეს, თავადმა, როგორც ბურების ომის მონაწილემ, პენსიის გამოთხოვა სცადა. მან წერილი მისწერა მიხა ცხაკაიას, მაგრამ ამაოდ — თავადს, რაღა თქმა უნდა, არავითარი პენსია არ აღირსეს.
ნიკო ბური თამბაქოს გაყიდვით ირჩენდა თავს. თუ რამ გააჩნდა, გაყიდა, მაგრამ ავეჯსა და ნახატებში მაშინ კაპიკებს იძლეოდნენ საკომისიო მაღაზიები…
ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი, იგივე ნიკო ბური 1933 წელს გარდაიცვალა ტფილისში. უცნაური ბედისა და საინტერესო ისტორიის მქონე ქართველი თავადი ქალაქის ძველ სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ახლა ვერის ბაღია გაშენებული.
ყველა ახალი ამბავი
0