საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოს ფინანსურ დახმარებას გაუზრდის

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც გაუწევს ქვეყანას როგორც საინვესტიციო, ისე საკონსულტაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას
თბილისი, 20 აპრილი- Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) მიმოიხილა თანამშრომლობის საკითხები და IFC-ის გადაწყვეტილება - კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, გაზარდოს პორტფელის მოცულობა საქართველოსთვის, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დამიენ შილსს შეხვდა.
საუბარი შეეხო COVID-19-ის გლობალური პანდემიის შედეგებს საქართველოსა და რეგიონში, ასევე პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რის შედეგადაც 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპი, რომელიც მიმდინარე წლის დაწყებიდანაც გრძელდება.
ასევე ხაზი გაესვა დღეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რაც უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
ხუციშვილის განცხადებით, გამოწვევების დასაძლევად საქართველო კვლავ გააგრძელებს რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაზრდა ინფრასტრუქტურის გაძლიერება საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, დიგიტალიზაცია და ინოვაციური სერვისების განვითარება, კაპიტალის ბაზრის რეფორმა და სხვა.
ხაზი გაესვა კერძო სექტორის როლს ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის რეფორმის მნიშვნელობაზე, რომელიც მიმართულია ჯანდაცვისა და განათლების სექტორების გაძლიერებისკენ და წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან კომუნიკაციაში.
აგრეთვე გამოითქვა იმედი, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც განაგრძობს ქვეყნის დახმარებას როგორც საინვესტიციო, ისე საკონსულტაციო და ტექნიკური მიმართულებით.
საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. IFC-ის ინვესტიციები, რომლებიც სხვადასხვა სექტორის ათობით პროექტშია დაბანდებული, ხელს უწყობს რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. IFC ასევე ხელს უწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0