მაღალმთიან რეგიონებში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტები დაიგეგმა

© photo: Sputnik / Stringerსოფელი სამება
სოფელი სამება - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
გასულ წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელებაზე სამი მილიონი ლარი გამოყო
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყოფა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთის განვითარების საბჭოს სხდომის შემდეგ.
მიმდინარე წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოფლის მეურნეობის პროექტებზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის „აგროდაზღვევის“ პროექტი, „დანერგე მომავალი“ და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ეხმარება ფერმერებს დაიცვან მოსავალი კლიმატური რისკებისგან. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.
2015 წლის მარტიდან მოქმედებს სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში ბაღების გაშენებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია, სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.
გასულ წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განსახორციელებლად 3 მილიონი ლარი გამოიყო. კერძოდ, დაფინანსდა გადამამუშავებელი საწარმოები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, თანხები ასევე მოხმარდა ახალი ბაღების გაშენებას.
მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდი 2015 წელს შეიქმნა, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". კანონი ითვალისწინებს რიგ სოციალურ შეღავათებს ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებისთვის. ფონდის გარდა მაშინ შეიქმნა მთის განვითარების ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.
ყველა ახალი ამბავი
0