რა ემართება ორგანიზმს, როდესაც კვერცხს მიირთმევთ: დამტკიცებულია მეცნიერულად

© photo: Sputnik / Asatur Yesayants
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
გამოწერა
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. კვერცხი ცილის შესანიშნავი წყაროა, რომელსაც, ხორცისგან განსხვავებით, ორგანიზმი ბევრად სწრაფად და ადვილად ითვისებს. გარდა ამისა, იძლევა მთელი დღის სამყოფ ენერგიას, აცხადებენ ჟურნალ ELLE-ს ექსპერტი ექიმები.
მათი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აღდგომის დღესასწაული ახლოვდება, ახლა სწორედ რომ დროულია შეიტყოთ, რა ემართება ორგანიზმს, როდესაც კვერცხს მიირთმევთ, ასევე დღეში რამდენი კვერცხის ჭამა შეგიძლიათ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
არ გამოტოვოთ: სიმართლე კვერცხის შესახებ, ანუ თეთრნაჭუჭა სჯობს თუ ყავისფერი?

კვერცხის სარგებელი და ზიანი

სარგებელი:
კვერცხის ჭამა აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციას: კვერცხი შეიცავს არგინინს — ამინომჟავას, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს;
კვერცხი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს;
კვერცხი შეიცავს ქოლინს, რომელიც ეხმარება ტვინს აცეტილქოლინის სინთეზში. ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია მეხსიერებასა და დასწავლის უნარზე;
ქათმის კვერცხის რეგულარული მოხმარება არ შეიცავს მიკროსისხლძარღვთა დისფუნქციისა და ანთებების რისკს — ოღონდ ჯანმრთელ ადამიანებში.
ზიანი:
I და II ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის არსებობს ქოლესტერინის დონის ზრდის რისკი (აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია);
ზოგ იშვიათ შემთხვევაში კვერცხის ხშირმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია;
კვერცხი შეიცავს ავიდინს — ნივთიერებას, რომელიც ვიტამინ B7-ს ანეიტრალებს (სხვათა შორის, სწორედ ამიტომ უნდა შეიკავოთ თავი კვერცხისა და თევზის ერთ კერძში შერევისგან).

რა მოუვა ორგანიზმს, თუ კვერცხს ხშირად მიირთმევთ?

დღეში ერთი ან ორი კვერცხი დიდ ზიანს არ მოგაყენებთ, მაგრამ ყოველდღიურ რაციონში უფრო მეტი კვერცხის შეტანა ქოლესტერინის დონეს ასწევს. გარდა ამისა, შესაძლოა გულძმარვაც გამოიწვიოს.
ამასთან, ჯობს, რომ კვერცხი დილით მიირთვათ, საუზმეზე.

როგორი კვერცხის ჭამა ჯობს?

კვერცხი უნდა იყოს საშუალოდ მოხარშული.
დიდხანს ხარშვისას მის ცილაში ტოქსიკური გაზი გოგირდწყალბადი წარმოიქმნება. გახურების კვალდაკვალ ის აღწევს კვერცხის გულში, რომელიც რკინას შეიცავს. და როდესაც გოგირდწყალბადი და რკინა ერთმანეთს ხვდება, წარმოიქმნება რკინის სულფიდი, რაც კვერცხის გულს მომწვანო ფერს აძლევს.
ექიმების თქმით, ასეთი კვერცხის ჭამა დაუშვებელია – შეიძლება მოიწამლოთ!
თუმცა, ექსპერტების თქმით, კიდევ უფრო ცუდია თოხლოდ მოხარშული კვერცხის ჭამა, რომელზეც ჯობს საერთოდ უარი თქვათ. საქმე ისაა, რომ ასე მომზადებული კვერცხი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიშ ბაქტერიებს შეიცავდეს და მოწამლოს კიდეც ადამიანი.
ექიმები გვირჩევენ, მივირთვათ საშუალოდ, ანუ „რბილად მოხარშული“ კვერცხი ან ომლეტი. ხოლო იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი ნაკლებად კალორიული იყოს, შეწვისას ზეთი არ გამოიყენოთ.

კატეგორიული გაფრთხილება!

კვერცხი მოხარშვამდე აუცილებლად გარეცხეთ, რადგან ნაჭუჭზე ბევრი მიკროორგანიზმი რჩება, მათ შორის – სალმონელოზი. თანაც თქვენ არ იცით, სად და რა პირობებში ინახებოდა ის.
ყველა ახალი ამბავი
0