მკვლელობა წყნეთში - საგამოძიებო სამსახურმა ანგარიში წარმოადგინა

© AP Photo / Matilde Campodonicoციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
გამოწერა
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, განაცხადა სამსახურის უფროსმა.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. წყნეთში მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

„გუშინ წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი“, – განაცხადა კაციტაძემ.

საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, თვითმხილველის ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია.
კაციტაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას პოლიციელებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული.
„ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“, – განაცხადა კაციტაძემ.
უწყების ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები.
გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც პოლიციის დეტექტივი დააკავეს.
ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას სსკ-ის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ დეტექტივს 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0