ვის მიუძღვნა ნოდარ დუმბაძემ ლექსი „ლალი, ლალი, ჩემო ლალი"

© National Library of Georgiaნოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
გამოწერა
რუბრიკა „ის, რაც გვახსოვს“ სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორ, ფილოლოგ მანანა გოშაძესთან ერთად გაიხსენებს ძველ კეთილ დროს და იმ ადამიანებს, ვისი წყალობითაც ცხოვრება აზრს იძენს. პირველ რიგში კი ნოდარ დუმბაძეს, ვინც მას ყველა დროის ბავშვებისთვის ნაცნობი და საყვარელი ლექსი მიუძღვნა...
– ქალბატონო მანანა, მაინტერესებს, რამდენად ხშირად იხსენებთ გარდასულს და რას იხსენებთ?
— წარსულ დღეებს ხშირად ვიხსენებ. ჩემს თბილისს ვიხსენებ, კეთილ თბილისელებს, ცალკეულ დაუვიწყარ ამბებს… მაგალითად, საამაყო და ხშირადგასახსენებელი ამბავი ის მაქვს, რომ ჩვენმა საყვარელმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ ცნობილი საბავშვო ლექსი „მანანა და ლალი“ მე დამიწერა, უფრო სწორად, ჩემი თხოვნით დაწერა. გახსოვთ, ალბათ, ეს ლექსი ასე იწყება:
„ლალი, ლალი, ჩემო ლალი,
რაო, ჩემო მანანა?
ეს თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა?..“
ჰოდა, ეს ლექსი მან მე მომიძღვნა…
– არადა, ქალაქში ისე იციან, რომ ეს ლექსი ნოდარ დუმბაძემ თავის ქალიშვილ მანანას დაუწერა...
— არა, ბატონო, ის მანანა მე ვარ. მის ქალიშვილთან დღემდე ვმეგობრობ. ბატონი ნოდარი მამაჩემის მეგობარი იყო. მანანა ამ რამდენიმე დღის წინ ვნახე ისრაელში, სადაც ის საელჩოში მრჩეველად მუშაობს. მას ყველგან ბოდიშის მოხდა უწევდა ამ ფაქტის გამო და ყველგან იმეორებდა, რომ ამ ლექსის ადრესატი და, შეიძლება ითქვას, დამკვეთიც მე ვარ….
– დამკვეთიც? რამდენი წლის იყავით მაშინ და ეს ამბავი როგორ მოხდა?
— ეს ლექსი რომ დაიწერა, მაშინ ოთხი წლის ვიყავი. ამ ლექსში ნახსენები ლალი გიგაური, რომელიც ერთი წლითაა ჩემზე უფროსი, ბავშვობის მეგობარია. ახლა მოგიყვებით ეს ამბავი როგორ მოხდა.
ნოდარ დუმბაძე ჩვენთან იყო სტუმრად, მე მივსულვარ მასთან და ასე სასაცილოდ მითქვამს: ნოდარ დუმბაძე ბიძია, ერთი ლექსი დამიწერე-მეთქი… მახსოვს, ჩემ თხოვნაზე გარშემო ხალხს ძალიან გაეცინა. ბატონმა ნოდარმა კი მკითხა, რა ჰქვია შენს მეგობარსო? მე ვუპასუხე, ლალი–მეთქი…
მე და ლალი გოგუცა კუპრაშვილთან დავდიოდით მხატვრულ კითხვაზე, სადაც ლექსებს ვამბობდით და აქედან გამომდინარე ვთხოვე ჩემთვის და ლალისთვის ლექსის დაწერა. ჰოდა, „ნოდარ დუმბაძე ბიძიამ“ ძალიან კარგი საჩუქარი გამიკეთა და ერთ კვირაში ეს ლექსი მომართვა.
სხვათა შორის, მისი ხელნაწერიც მაქვს შენახული და თქვენს მკითხველს შეუძლია ის იხილოს. ბატონი ნოდარი უსაზღვროდ კარგი ადამიანი იყო, თბილი და ტკბილი, რა ვიცი, თუ რაიმე სიკეთე შეიძლება ითქვას, ეს პირველ რიგში ამ ადამიანზე შეიძლება. რაც შეეხება გოგუცა კუპრაშვილს, ის უნიკალური ადამიანი იყო და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადამკვდარი იყო ბავშვებზე. რკინიგზელთა სახლში მხატვრულ კითხვას გვასწავლიდა და იქ, არა მგონია, რომ დიდი ხელფასი ყოფილიყო.
– თქვენ თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლით…
— თეატრალურში კონკურსი იყო გამოცხადებული და როცა საბუთები შევიტანე, პირველი, ვინც მიმიღო, რასაკვირველია, თეატრალურის რექტორი, ეთერ გუგუშვილი იყო. სანამ მას შევხვდებოდი, მასზე ტელევიზიიდან სულ სხვაგვარი შთაბეჭდილება მქონდა, მაგრამ მისგან რომ წამოვედი, მასზე ლამაზი ქალი ჩემთვის არ არსებობდა.
მისი მწვანე თვალებით სრულიად მოვიხიბლე. მადლობელი ვარ ცხოვრების, რომ ამ ადამიანს შემახვედრა. თეატრალურში მუშაობის დროს ვინც კი რეჟისორი იყო, ყველა ჩვენ გარშემო ტრიალებდა: გიზო ჟორდანია, მიხეილ თუმანიშვილი, დოდო ალექსიძე, ლილი იოსელიანი, რომელი ერთი ჩამოვთვალო…
მიშა თუმანიშვილი ძალიან თავშეკავებული ადამიანი იყო, მაგრამ როცა დაელაპარაკებოდი, მისგან ისეთი სითბო მოდიოდა, ვერ წარმოიდგენთ. დოდო ალექსიძე – ჩუხჩუხა კაცი და ადამიანი- ფეიერვერკი. მის მოსმენას არაფერი სჯობდა, უაღრესად განათლებული იყო…
ყველა ახალი ამბავი
0