პატრიარქი უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ საქართველოს სამ მოქალაქეს თბილისში მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

„აღვავლენთ ლოცვებს დავით მენაბდიშვილის, ნიკოლოზ შანავას, ალექსანდრე ცაავას, არკადი კასრაძის, ზაზა ბიწაძის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

არკადი კასრაძის, ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას უკრაინაში დაღუპვის შესახებ ცნობილი 16 აპრილს გახდა. მათ სამშობლოში, სავარაუდოდ, 20-21 აპრილს გადმოასვენებენ.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 16 აპრილამდე ექვსი ქართველი მოხალისის გარდაცვალების შესახებ იყო ცნობილი. ესენი არიან: დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ეს უკანასკნელი მარიუპოლისთვის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გამო მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დანარჩენი მებრძოლები საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი – დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა სამშობლოში პარასკევს ჩამოასვენეს. დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე გამოასვენეს.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0