გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შტაბ-ბინა ჟენევაში
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შტაბ-ბინა ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ყოველთვიური დახმარების გაზრდას გეგმავს.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ, აღნიშნულია UNICEF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარება 1 ივნისიდან 100 ლარის ნაცვლად 150 ლარი გახდება.
„მთავრობის გადაწყვეტილება, გაზარდოს სოციალური დახმარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად საქართველოში“, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.
ორგანიზაციის ცნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობის შემცირების მიზნით.

„ვაფასებთ რა პოზიტიურად მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებთ, მთავრობა განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარების პროგრამა“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

UNICEF-ის ცნობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და USAID-ს მხარდაჭერით ჩატარებულმა მონაცემთა მონიტორინგის კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის შედეგად შემცირდა მოსახლეობის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი. შემოსავლების შემცირებასთან გამკლავების მიზნით შინამეურნეობები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ საოჯახო ხარჯების შემცირებას, დანაზოგების გამოყენებას, კვებაზე ხარჯების შემცირებას და ფულის სესხებას მეგობრებისა და ნაცნობებისგან.
„უღარიბესი მოსახლეობის 20%-ს არ შეეძლო ბავშვების უზრუნველყოფა სხვადასხვა აუცილებელი ნივთით ან საშუალებით. უღარიბესი ოჯახების 45%-ს არ შეეძლო ბავშვების მომარაგება ფეხსაცმლით, 36%-ს – ტანსაცმლით; 41%-ს – პროტეინით მდიდარი საკვებით; 30%-ს – ასაკის შესაბამისი წიგნებით; 53%-ს – სათამაშოებით“, – წერია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. პრემიერის განცხადებით, წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტი 341 მლნ ლარი იქნება.
წყარო - გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)
ყველა ახალი ამბავი
0