უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გადმოსვენების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკიევის ქუჩები
კიევის ქუჩები  - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2022
გამოწერა
უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული სამი საქართველოს მოქალაქის ჩამოსვენება თბილისში იგეგმება.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. უკრაინაში დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს სამშობლოში მომდევნო კვირას, სავარაუდოდ 20-21 აპრილს გადმოასვენებენ, განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა.
არკადი კასრაძის, ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას უკრაინაში დაღუპვის შესახებ ცნობილი 16 აპრილს გახდა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხერხდეს მათი გადმოსვენება“, – განაცხადა გიორგი ზაქაშვილმა.
მისი განმართებით, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე (არკადი კასრაძე) უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების რეგიონში ფრონტზე დაიღუპა. ხოლო ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა, რომლებიც დასახმარებლად მიემართებოდნენ, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპნენ.
ელჩის განცხადებით, გარდაცვლილ მებრძოლებს დღეს დნეპროპეტრივსკიდან კიევში გადაასვენებენ, სადაც ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
„დასრულდება საბუთების გაფორმება და ყველა საჭირო ტექნიკური დეტალი დაზუსტდება კიდევ ერთხელ, ზეგ უკვე გამოემართება მანქანა ლვოვის და შემდეგ ვარშავის მიმართულებით, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს თუ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით შესრულდა, მოხერხდება მათი გადმოსვენება საქართველოში“, - განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველო მებრძოლს, რომლის დაჭრის შესახებ ინფორმაციაც გუშინ დადასტურდა, ელჩის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„რაც შეეხება დაჭრილს არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვა დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.
16 აპრილამდე, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იყო ცნობილი შვიდი ქართველი მოხალისის გარდაცვალების შესახებ. ესენი არიან დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ეს უკანასკნელი მარიუპოლისთვის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გამო მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დანარჩენი მებრძოლები საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი – დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა სამშობლოში პარასკევს ჩამოასვენეს. დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე გამოასვენეს.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0