საქართველოს მთავრობამ თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობა დროებით შეარბილა

© photo: Sputnik / Stringerსიგარეტის მაღაზია
სიგარეტის მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2022
გამოწერა
ცვლილებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.
თბილისი, 17 აპრილი– Sputnik. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 სექტემბრამდე შესაძლებელი იქნება, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კონკრეტულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდეს.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით, სიგარეტის კოლოფზე, სამედიცინო გაფრთხილების გარდა, სავალდებულოა მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის განთავსება, რომელმაც შეფუთვის 65% უნდა დაიკავოს.
მთავრობის განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულ ქარხნებში შეუძლებელია პროდუქციის წარმოება და მასზე სამედიცინო გაფრთხილებების განთავსება/დაბეჭდვა, იუწყება „პირველი არხი“.
ცვლილებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, შეზღუდული დროით საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.
ამასთან, ცვლილებებით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელსა და იმპორტიორს შესაძლებლობა ექნება, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი), თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების სამედიცინო გაფრთხილების სახისა და ნიმუშის როტაციის შესახებ, ასევე, გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის შემთხვევაში ყოველი ახალი პროდუქციის განთავსებაზე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს განსხვავებული წესითა და პირობებით წარუდგინოს.
მთავრობამ დროებითი გამონაკლისის დაშვება გადაწყვიტა, რათა გადასახადის გადამხდელებს საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას და უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე გავლენა არ იქონიოს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საქართველოში უკრაინიდან იმპორტირებული სიგარეტი მთლიანის იმპორტის დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0