რამდენი თეთრით და როდის გაძვირდება პური: „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2022
გამოწერა
პურპროდუქტების გაძვირების საკითხმა აქტუალობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ შეიძინა.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოში პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით გაიზარდოს, განაცხადა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.
ხორბლისა და ფქვილის შესაძლო დეფიციტის, ასევე პურპროდუქტების გაძვირების საკითხმა აქტუალობა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გამკაცრების შემდეგ შეიძინა. როგორც ცნობილია, რუსეთი უკვე მრავალი წელია საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი მომწოდებელია.
დოლიძის თქმით, 20 მარტიდან ლარსის საბაჟოზე დიდთოვლობის გამო ფქვილის შემოტანა ვერ ხერხდებოდა და მცხობლები ადგილობრივ წისქვილებში წარმოებულ ფქვილს იყენებდნენ. აპრილიდან, „ლარსის“ გახსნის შემდეგ, ფქვილი უკვე გაზრდილ ფასში შემოვიდა.
„პირველივე შემოსული ფქვილის ღირებულება დაფიქსირდა 75 ლარი, ანუ ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ადგილობრივი ფქვილი, რომელიც ჩვენს წისქვილებში მზადდება, ღირს 80 ლარი. ამას თუ დავუმატებთ იმ გადასახადებს, რაც ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს, წყალს, ხელფასს, დისტრიბუციას სჭირდება, ფოკუსირდება ფასებში“, - განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ მანამდე ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება იყო 65-70 ლარი.
ფქვილის, ასევე პურის წარმოებისთვის საჭირო სხვა პროდუქციის გაძვირება პურპროდუქტების ფასწარმოქმნას შეცვლის, დარწმუნებულია დოლიძე. მისი გათვლებით, ეს მაისის შემდეგ მოხდება.
„დავინახეთ, რომ დღის წესრიგში დადგა იმის საჭიროება, ფასწარმოქმნა გადაიხედოს. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ შეიცვლება, მაგრამ ფასის გადახედვა აუცილებლად მოხდება. ჩვენი გადაანგარიშებით, ეს მოიცავს დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებს. რუსეთიდან თუ დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ის არსებულ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ შემოვიდა 75 ლარად, მაშინ ფასის ცვლილება საჭირო გახდება“, – განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, როგორც დოლიძემ განაცხადა, თონის პური უკვე გაძვირდა 10 თეთრით. მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, პური საქართველოში ყველაზე იაფია.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის.
დოლიძის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველო ახალი ბაზრის მოძიების საჭიროების წინაშე დადგა. გარდა ამისა, ხორბლის ფასი ყაზახეთმაც გაზარდა.
2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0