ქართველ მეფეთა თიკუნები: ვის რა უწოდეს და რატომ

© photo: Sputnik / Evgenyi Odinokov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
გამოწერა
ალბათ ყველას მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მეფეებს ხალხი თუ მემატიანეები განსაკუთრებული თიკუნებით, ანუ მეტსახელებით აჯილდოვებდნენ. ასე შემორჩენ ისტორიას რიჩარდ ლომგული, პიპინ მოკლე, კარლოს მელოტი, ფილიპე ლამაზი და ბევრი სხვა.
უცხო ქვეყნის მონარქებს სხვებმა მიხედონ, ჩვენ კი გავიხსენოთ ქართველი ხელისუფალნი, რომლებიც ისტორიამ მეტსახელებით შემოგვინახა.
თიკუნი, როგორც წესი, მრავლისმეტყველია და მფლობელის გარეგნობაზე, ძალაზე ან ზნეზე მიანიშნებს. მაგალითისთვის ავიღოთ საქართველოს უკანასკნელი მონარქი გიორგი XII, რომელსაც ხალხმა „ზაქიჭამია“ შეარქვა – არა იმიტომ, რომ ერთ ჭამაზე უღებდა ბოლოს მთლიან ზაქს, ამით უბრალოდ მის მუცელღმერთობასა და ზაქის ხორცისადმი სიყვარულს გაუსვა ხაზი.
ისტორიკოს ბონდო კუპატაძეს გულდასმით შეუსწავლია ეს ფენომენი და გამოურკვევია, რომ ქართველმა ხალხმა თუ მემატიანეეებმა ოცამდე ქართველ მეფეს მოუგონა მეტსახელი.
აქედან „დიდი“ მხოლოდ ექვს მონარქს ერგო: ბაგრატ III-ს, დავით III-ს, ბაგრატ V-ს, ალექსანდრე I-ს, სვიმონ ქართლის მეფესა და იმერეთის მეფე სოლომონს.
ქართლის მეფე ფარსმანის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ „ქველი“ ეწოდა, პირველად სწორედ მის მიმართ გამოიყენეს ცნობილი გამოთქმა „უშიშო, ვითარცა უხორცო“.
იბერიის მეფე რევი I იყო ის პიროვნება, რომელმაც არმაზის კერპისთვის ბავშვების მსხვერპლად შეწირვა აკრძალა და ზვარაკი ცხვარ-ძროხით ჩაანაცვლა. სასულიერო წოდებასთან დაპირისპირება ყველა ეპოქაში რთული და სარისკო საქმე იყო, მაგრამ რევი არ შეეპუა მათ, თავისი გაიტანა და ხალხმაც რევ მართალი უწოდა.
ვახტანგ გორგასლის ნამდვილი სახელი სპარსული გახლდათ და ჟღერდა როგორც ვა-რან ხ-ოსრო თანგი. ქართველებმა რთულად გამოსათქმელი ეს სახელი შეამოკლეს და მიიღეს ვახტანგი.
რაც შეეხება „გორგასალს“, ესეც სპარსული სიტყვაა და მგლის თავს ნიშნავს. საქმე ისაა, რომ ვახტანგ მეფის მუზარადზე მგელი იყო გამოსახული. ფიზიკურად მძლავრ მეფეს რომ მორიდებოდნენ, ბრძოლისას სპარსნი ერთმანეთს გასძახოდნენ, მგლისთავიანს ერიდეთო. და შეერქვა კიდეც „მგლისთავა“, ანუ გორგასალი.
ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეს ხალხმა „პატარა კახი“ უწოდა — ზოგი ვერსიით, ტანმორჩილობის გამო. მაგრამ, სავარაუდოდ, ასე არ უნდა იყოს. „პატარა“ შესაძლოა ასაკსაც გულისხმობდეს, რადგან ერეკლე ძალიან ახალგაზრდა ავიდა ტახტზე.
ამის დასტურად ერთ შემთხვევასაც გავიხსენებ: გიგა ლორთქიფანიძის ფილში „წიგნი ფიცისა“ ერეკლე მეფის როლს თენგიზ არჩვაძე ასრულებდა. თელავში გადაღებისას მუზეუმიდან გამოიტანეს ერეკლეს ხალათი, რათა მისი მსგავსი შეეკერათ. ბატონმა თენგიზმა ეს ხალათი რომ მოიზომა, გვარიანად დიდი აღმოაჩნდა.
ნამდვილად ტანმორჩილის ეპითეტი კი სულ სხვა მეფეს ერგო „პატივად“. ეს იყო არაფრით გამორჩეული გიორგი მეოთხე, რომლის თიკუნიც გახლავთ „გოჩია“.
საქართველოს ისტორიაში „წამებულის“ სახელით მოიხსენიებიან: არჩილი, დემეტრე, ქეთევან დედოფალი და ლუარსაბი. თუმცა მეფე დემეტრეს დამატებით „თავდადებულიც“ უწოდეს, და ეს ერთადერთი ქართველი მეფეა, ვინც ამგვარი თიკუნის ღირსად შერაცხა ხალხმა.
ასევე ერთადერთი მეფე, დავით IV ატარებს „აღმაშენებლის“ სახელს, და „ბრწყინვალეც“ ერთადერთს — გიორგი V-ს ეწოდა.
გვყავდნენ გიორგი „გოჩიას“ მსგავსი მეფეებიც — არაფრით გამორჩეულები, რომელთაც თიკუნის გამო თუ მოიხსენიებენ ისტორიაში: ავგიორგი, დავით I უმიწაწყლო (ტახტი უკანონოდ დაიკავა და ამიტომ შეარქვეს უმიწაწყლო), ბაგრატ IV უსინათლო და ბაგრატ II რეგვენი.
სხვათა შორის, სიტყვა „რეგვენი“ დღეს უარყოფით ეპითეტად გვევლინება, ძველქართულში კი მხნესა და მამაცს ნიშნავდა.
ყველა ახალი ამბავი
0