კობა გვენეტაძე: 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 9% იქნება

გამოწერა
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 3-4%-იან, ინფლაცია კი 9%-იან ნიშნულზეა მოსალოდნელი.
წლიურმა ინფლაციამ 2021 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში 11,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%).

„ჩემი პროგნოზით, ეკონომიკის რეალური ზრდა 3 და 4%-ს შორის იქნება, თუმცა პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი ჯერჯერობით მაღალი რჩება. ფაქტორები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკაზე კვალს ტოვებენ, ინფლაციური პროცესებია. სამწუხაროდ, კონფლიქტმა მას ახალი ბიძგი მისცა“, – განაცადა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ამის მაჩვენებელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი მონაცემები.
მარტში სურსათზე მსოფლიო ფასები 12,6%-ით გაიზარდა და 1990 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა მცენარეულ ზეთსა და მარცვლეულზე.
„სურსათზე ფასების ინდექსმა ახალ რეკორდულ დონეს მიაღწია, გაიზარდა ფასები ნავთობზეც. ეს გამოწვევაა, რადგან საჭირო იქნება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. აქაც გაურკვევლობაა. ჩვენი პროგნოზით, წელს ინფლაცია დაახლოებით 9% იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ინფლაციური რისკების გაძლიერებამ შეანელა მსოფლიოში ინფლაციის შემცირების პროგნოზირებული ტემპები.
ყველა ახალი ამბავი
0