კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდა რეჟისორების მხარდაჭერა გადაწყვიტა

© photo: Sputnikკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მაისის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალგაზრდა რეჟისორების მხარდაჭერის მიზნით გამოაცხადა კონკურსი „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა“.

როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, კონკურსის მიზანია სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა, ახალგაზრდა, დებიუტანტ ხელოვანთა წარმოჩენა და პოპულარიზაცია, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს თეატრების რეპერტუარის ახალი შემოქმედებითი ხედვითა და დადგმებით გამდიდრება.

კონკურსის ბიუჯეტი 35 ათას ლარს შეადგენს.
ანალოგიური კონკურსი 2021 წელსაც ჩატარდა, თუმცა მაშინ სტუდენტებს სპექტაკლების დადგმა მხოლოდ სამინისტროს მმართველობის ქვეშ მოქმედ თეატრებში შეეძლოთ. წელს კონკურსის არეალი გაფართოვდა და ის ყველა თეატრს მოიცავს.
წელს საკონკურსოდ მიიღება უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტ რეჟისორთა პროექტები საბაკალავრო და სამაგისტრო სპექტაკლების სადადგმო ხარჯის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ თეატრს ან ორგანიზაციას, რომელიც ეწევა თეატრალურ საქმიანობას. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
საკონკურსო განაცხადები კულტურის სამინისტროში მიიღება 21 აპრილის 12:00 საათამდე მისამართზე - სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან უწყების ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 10 მაისისა.
ყველა ახალი ამბავი
0