თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
საქართველოდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები იგზავნება.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ორგანიზებით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ბელიაშვილის ქუჩაზე ჰუმანიტარული დახმარების პუნქტია გახსნილი, სადაც საკვები პროდუქტები, პირველადი საჭიროების ნივთები, ტანსაცმელი და მედიკამენტები გროვდება. აქციაში ბიზნეს-სექტორი და რიგითი მოქალაქეები არიან ჩართული.

„დღეს კიდევ იტვირთება სამი სატვირთო მანქანა, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში. დღეისათვის აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპანიის მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები. დაახლოებით ერთ კვირაში ეს ტვირთი ჩატანილი იქნება უკრაინაში“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის სახელმწიფო ფოსტამ Ukrposhta გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვით, საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით, რომელმაც 400 ტონა შეადგინა.
საქართველოს მთავრობის ძალისხმევით უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა რამდენიმე კვირის წინ.
უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს და უკრაინაში გაგზავნეს საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას ოფიციალური სტრუქტურებისგან დამოუკიდებლად აწარმოებს უამრავი მოხალისე.
გარდა ამისა, 26 თებერვალს პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება. ასევე გაიხსნა ანგარიში, სადაც თანხის გადარიცხვა უკრაინელების დასახმარებლად ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ასევე, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ წამოიწყო კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების მიერ წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკა „საქართველოს ფოსტამ" უზრუნველყო. კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ სააგენტო კვლავაც განაგრძობს. ამ ეტაპზე მასში 60-ზე მეტი ქართული კომპანიაა ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0