შვრია იდეალურია კანისთვის: ხუთი ეფექტური ნიღაბი

© Pixabay / panchenko_karynaშვრია
შვრია - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
საყოველთაოდ ცნობილი შვრიის ფაფა, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, არანაკლებ სამსახურს გაუწევს სახის კანს, თუ მას ამის შანსს მისცემთ.
ქვემოთ შვრიის ნიღბის რამდენიმე რეცეპტს გთავაზობთ, რომელთა ეფექტურობასაც საკუთარ თავზე გამოცდით.

მუწუკების მოსაშორებლად

შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასა და კალციუმს, ასევე კანის იმუნიტეტისთვის აუცილებელ ვიტამინებს.
აიღეთ მსხვილფანტელიანი შვრია — 2 სუფრის კოვზი და დაასხით 4 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი. გააგრილეთ კანისთვის კომფორტულ ტემპერატურამდე და წაისვით გაწმენდილ სახეზე — ოღონდ მოერიდეთ თვალების ირგვლივ არეალს. გაიჩერეთ ნიღაბი 5 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით.
გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად ორი კვირის განმავლობაში. ორკვირიანი კურსის გავლის შემდეგ თქვენი კანი მთლიანად გაიწმინდება.

ნაოჭების ამოსავსებად

შვრიის ფაფა შეიცავს ვიტამინ E-ს. ეს არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ასწორებს ნაოჭებს სახეზე.
2 სუფრის კოვზ შვრიას დაასხით 4 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 5 წუთით, მერე კი დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
წაისვით ნიღაბი გასუფთავებულ სახეზე — მოერიდეთ თვალების გარშემო არეალს. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ.
გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.

შეშუპების დასაცხრობად

შვრიაში შემავალი მანგანუმი ხელს უწყობს ჭარბი სითხის გამოდევნასა და სახის შეშუპების დაცხრობას.
ჩაყარეთ ჭურჭელში 1 სუფრის კოვზი შვრია, დაასხით 4 სუფრის კოვზი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და ჩაასხით ყინულის ფორმებში. შედგით მაცივარში და დატოვეთ იქ მთელი ღამით.
შვრიის ყინულის კუბებით კანი დილაობით უნდა გაიწმინდოთ. ეს სახეს ჯანსაღ იერს დაუბრუნებს. კურსი – 2 კვირა.

კანზე ასაკობრივი ცვლილებებისთვის

თუ კანზე ასაკობრივი ცვლილებები უკვე დაგეწყოთ, ეს პროცედურა დროის შეჩერებაში დაგეხმარებათ.
შვრია შეიძლება გამოიყენოთ მთლიანი სახით ან ბლენდერში დაფქული.
1 სუფრის კოვზ შვრიას დაასხით 2 სუფრის კოვზი წყალი, აურიეთ და ცოტა ხანს დადგით — ნაყენის მისაღებად.
შემდეგ მიღებული მასა მარლაში გადაიტანეთ და გაწურეთ, რათა შვრიამ საკმარისი რაოდენობით ლორწო გამოყოს. წაისვით სახეზე ეს ლორწო, დაელოდეთ რამდენიმე წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

პრობლემური და ცხიმიანი კანის დასაბანად

აიღეთ ერთი მუჭა მთლიანი ან დაფქული შვრია და შეუშვირეთ ხელი თბილი წყლის ნაკადს ერთი წუთის განმავლობაში. როდესაც შვრია ოდნავ დაიბერება, სახეზე წაისვით და ნელი მასირება დაიწყეთ. რამდენიმე წამის შემდეგ შვრია აქაფდება და სახეს გაწმენდს.
ორი ასეთი დაბანის შემდეგ შესაძლოა კანზე ანთება, აქერცვლა და სიწითლე გაჩნდეს. მაგრამ არ შეგეშინდეთ — ამაში ცუდი არაფერია. ასე კანი ტოქსინებისგან და „შლაკებისგან“ იწმინდება. ეს პროცესი ერთ კვირაში დასრულდება. შვრიის ფაფით სახე შეგიძლიათ დაიბანოთ როგორც დღისით, ისე საღამოს.
თუ შვრიის ფაფით დაბანას ჩვევად გაიხდით, ერთ კვირაში სუფთა და ხავერდოვანი კანით დატკბებით.
რაც მთავარია, შვრია ვერანაირ ზიანს ვერ მოგაყენებთ, ვინაიდან ეს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტია ყოველგვარი ქიმიკატებისა და დანამატების გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0