უშაქრო ტორტი „წითელი ხავერდი“ - დიაბეტიკებისა და გახდომის მსურველებისთვის

© Pixabay / MartinL21ტორტი
ტორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
ტორტი „წითელი ხავერდი“, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ჰაეროვანი ბისკვიტითა და ხაჭოს უნაზესი კრემით იმათაც კი ხიბლავს, ვისაც ტრადიციული ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
მისი გამოცხობა ბევრად მარტივია, ვიდრე ჩვეულებრივი ტორტისა და პირველივე ცდაზე გამოდის.
რაც მთავარია, მისით პირის ჩატკბარუნება დიაბეტიკებსაც შეუძლიათ და სწორი კვების მოყვარულებსაც.
სხვა უგემრიელესი და უჩვეულო რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ

ჭვავის, სიმინდის, ბრინჯისა და ხორბლის ფქვილი (თითოეული 50 გ) - სულ 200 გრამი;
კაკაოს ფხვნილი - 10 გ;
კეფირი - 300 მლ;
კვერცხი - 3 ცალი;
სტევია - 1 ჩ.კ;
ვანილის ფხვნილი - 1 ჩ.კ;
სოდა - 1 ჩ.კ;
გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ;
მარილი - ერთი მწიკვი;
საკვები საღებავი წითელი - 5 გ.

მომზადების წესი

ჩაასხით კეფირი თასში და დაუმატეთ სოდა, გააჩერეთ 10-15 წუთი.
ამასობაში გაცერით ყველა ფქვილი, კაკაოს ფხვნილი და გამაფხვიერებელი;
გამოარჩიეთ კვერცხის გულები ცილისგან. ცილა გვერდზე გადადეთ (დაგჭირდებათ), ხოლო გულები სტევიასთან ან ერითრიტოლთან ერთად (შაქრის შემცველელები) მოათავსეთ თასში და თქვიფეთ, ვიდრე არ გათეთრდება;
ამის შემდეგ ჩაასხით მასში საკვები საღებავი და ჩაყარეთ ვანილი. ურიეთ, სანამ ფერი არ გათანაბრდება;
მოასხით მომზადებული მშრალი ინგრედიენტები და მოზილეთ თხელი ცომი. ჩაასხით კეფირის ნარევი, კიდევ ერთხელ აურიეთ მიქსერით.
კვერცხის ცილებს მოაყარეთ მწიკვი მარილი და თქვიფეთ, სანამ კარგად არ გამაგრდება (მდგრადი „წვერები“ უნდა გაიკეთოს). შემდეგ კი წითელ მასას კარგად შეათქვიფეთ — ასე ბისკვიტი უფრო ფუმფულა და მაღალი გამოვა.
გააცხელეთ ღუმელი 175°C-ზე. ჯობს ცომი 16 სმ დიამეტრის სამ ფორმაში გაანაწილოთ, რათა ბისკვიტები თანაბრად გამოცხვეს. ან გამოაცხვეთ ერთ ფორმაში, მაგრამ აკონტროლეთ ტემპერატურა და გამოცხობის პროცესი. თუ სილიკონის ფორმაში აცხობთ, პირდაპირ ჩაასხით ცომი, მოასწორეთ და შედგით ღუმელში, ხოლო თუ ლითონისაში — მაშინ ცომის ჩასხმამდე ცხიმი მოუსვით ან პერგამენტი მოაფინეთ.
თუ ცომი სამად გაყავით, მაშინ თითო ბისკვიტის გამოცხობას დაახლოებით 25-30 წუთი დასჭირდება, ხოლო თუ ერთიანად აცხობთ, მაშინ 50 წუთი მაინც უნდა იყოს ღუმელში. მზადყოფნა შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩხირის ჩარჭობით.
როდესაც ბისკვიტი მზად იქნება, გამოიღეთ ღუმლიდან, ამოიღეთ ფორმიდან და ბოლომდე გააცივეთ — რამდენიმე საათის განმავლობაში.
სანამ ბისკვიტი ცივდება, მოამზადეთ კრემი

კრემისთვის დაგჭირდებათ:

ხაჭო 5%-იანი - 550 გ;
არაჟანი - 30 გ;
თაფლი - 120 გ ან დამატკბობელი - 1 ს.კ;
ვანილინი - ერთი პაკეტი.
გაითვალისწინეთ: ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს.

მომზადების წესი

ხაჭო, ნებისმიერი ცხიმიანობის არაჟანი, თაფლი (ან დამატკბობელი) და ვანილი ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე, სანამ ღია ფერის არ გახდება (დაახლოებით 3-4 წუთი). მერე კი გაზარდეთ სიჩქარე და განაგრძეთ თქვეფა მანამ, სანამ ღია, ფუმფულა, კრემისებრ მასას არ მიიღებთ.

ტორტის აწყობა

როდესაც ბისკვიტიც გაცივდება და კრემიც მზად იქნება, დაიწყეთ ტორტის აწყობა.
თუ ცალ-ცალკე გამომცხვარი კორჟები გაქვთ, თავები დანით მოუსწორეთ - მოაჭერით ამოზნექილი ნაწილები; თუ ერთი მთლიანი კორჟი გაქვთ, გაჭერით სამ ნაწილად.
შემდეგ დადეთ ერთი კორჟი ლანგარზე და მუსვით კრემი, მოასწორეთ და დაადეთ ზემოდან მეორე კორჟი, შემდეგ – მესამე.
შემოუსწორეთ გვერდები, ზემოდან მორთეთ კორჟებიდან აჭრილი ნაწილებითა და კრემით, შედგით მაცივარში — უმჯობესია, თუ მთელი ღამე გააჩერებთ.

ესაა და ეს, თქვენი „წითელი ხავერდი“ მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0