მცდელობა №... - ბათუმის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა

© photo: Sputnikბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
ბათუმის საკრებულოში ამჯერად მმართველი პარტიის მიერ ჩანიშნულ სხდომას უკვე ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ისევ ჩაიშალა.
სხდომას, რომელზეც 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად ახალარჩეული დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ეცნოთ და საკრებულოს თავმჯდომარე აერჩიათ, ამჯერად ბოიკოტი ოპოზიციამ გამოუცხადა.
დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „ლელო საქართველოსთვის“ და გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები არ გამოცხადდნენ. დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატი იმყოფებოდა. კვორუმისთვის კი 18 დეპუტატია საჭირო.
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ ოპოზიცია დესტრუქციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი მიზანია არეულობა.

„ეს ქმედება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე. ისევ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთობლივად მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ისინი 70%-ით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაზე ამბობენ უარს“, – განაცხადა აფხაზავამ.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჯამურად ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა პირველი სხდომის გამართვამდე ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.
ბათუმში შუალედური არჩევნების ჩატარება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მაჟორიტარ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ გახდა საჭირო. კენჭისყრაში მონაწილეობდა ორი კანდიდატი – ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნებიდან“.
2 აპრილს გამართული არჩევნების შემდეგ მმართველ პარტიას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, მაგრამ მანამდე აუცილებელია სათათბირო ორგანოს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობა.
ყველა ახალი ამბავი
0