უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების ცხედრებს სამშობლოში გადმოასვენებენ

© AP Photo / Pavel Dorogoyმეხანძრეები მუშაობენ ხარკოვის დაბომბვის შემდეგ.
მეხანძრეები მუშაობენ ხარკოვის დაბომბვის შემდეგ.  - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
უკრაინაში ამ დროისთვის უკვე ექვსი ქართველი მოხალისე დაიღუპა.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების ცხედრებს საქართველოში კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ, განაცხადა საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა.
ელჩის თქმით, ქალაქ იზიუმში (ხარკოვის ოლქი) შეტაკების დროს დაიღუპნენ მებრძოლები: 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა, დაშავდა რვა ქართველი ჯარისკაცი.
„დღეს გვიან-ხვალ დილით იქნებიან კიევში, შემდეგ კიევში ყველა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმება მოხდება და დაიწყება გადმოსვენების პროცედურა კიევიდან საქართველოს მიმართულებით“, - განაცხადა ზაქარაშვილმა ტელეარხ „რუსთავი2“-ის ეთერში.
რაც შეეხება დაჭრილებს, ზაქარაშვილის თქმით, გუშინ ისინი დნიპროში იმყოფებოდნენ და თითოეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. მათი თანამებრძოლების ინფორმაციით, დაჭრილი მეომრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო არ უკრძალავს არცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
უკრაინაში ამ დროისთვის უკვე ექვსი ქართველი მოხალისე დაიღუპა: დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ეს უკანასკნელი მარიუპოლისთვის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გამო მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დანარჩენი მებრძოლები საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ მომენტამდე მიმდინარეობს. კრემლმა ამ შეზღუდვებს ეკონომიკური ომი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს.
ყველა ახალი ამბავი
0