გიორგი ბრწყინვალე - ტამპლიერთა ორდენის აღმოსავლეთის პრინცი: საინტერესო ვერსია

© Pixabay / DangrafArtტამპლიერების ორდენის წევრი
ტამპლიერების ორდენის წევრი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
მეფე გიორგი V ალბათ ერთადერთია ქართველ მონარქთა შორის, რომლის მიმართ ქება-დიდებას არ იშურებდნენ ქვეყნისა და მისი პირადი მტრებიც კი. ამიტომაც მოიხსენიებს შთამომავლობა დიდებული თიკუნით – „ბრწყინვალე“.
მის დამსახურებებს ახლა ზოგადად შევეხები, რადგან სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ ანალებში „ქექვისას“ შემთხვევით წავაწყდი კანადელი მეცნიერის ალან ბატლერის ნაშრომს, რომელიც ძლევამოსილი ტამპლიერების ორდენის ისტორიასა და ლეგენდად შემორჩენილ საოცარ განძს ეხება.
ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა ფრაზამ, რომლის მიახლოებითი თარგმანი ასეთია:

„1307 წელს, როდესაც საფრანგეთის მეფემ ფილიპე IV ლამაზმა ტამპლიერების ორდენის მთავარი სიმაგრე ტამპლი აიღო და დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლი დააპატიმრა, ორდენის ფილიალებმა სხვა ქვეყნებში ხერხი იხმარეს, ზოგმა სახელი შეიცვალა, ზოგმაც ორდენის დაშლის თაობაზე გააკეთა განცხადება, როგორც ეს ქალაქ არკაში, მახლობელ აღმოსავლეთში მდებარე ყველაზე მძლავრი ფილიალის დიდმა მაგისტრმა, აღმოსავლეთის პრინცმა გააკეთა“.

თუმცა, ვინ იყო ეს „აღმოსავლეთის პრინცი“, უცნობია, მისი სახელი ისტორიამ არ შემოგვინახა.
ახლა საქართველოში გადმოვინაცვლოთ და გავყვეთ ისტორიას. გიორგი ბრწყინვალე პირველად 1299 წელს ავიდა ტახტზე, როცა სულ 13 წლის იყო, თუმცა მალევე, 1302 წელს იძულებული გახდა ტახტი უფროსი ძმის, ვახტანგისთვის დაეთმო. ქართველი მემატიანეების ცნობით, იგი სამცხეში, დედულეთში გაემგზავრა.
სამწუხაროდ, აქედან მოყოლებული, ვიდრე 1314 წლამდე, როდესაც ტახტზე მეორედ ავიდა, მის შესახებ არანაირი ცნობა არ არსებობს. უფრო მეტიც, მისი მეფობის პერიოდზეც ძალზე მწირი ინფორმაცია გაგვაჩნია, რადგან დროთა განმავლობაში ქართველი ჟამთააღმწერლის თხზულებაში ეს მონაკვეთი დაიკარგა.
ეს წყარო არც XVII საუკუნის დამლევს ვახტანგ მეფის მიერ ახალი ქართლის ცხოვრების დასაწერად შეგროვილ საისტორიო ძეგლებს შორის არ აღმოჩენილა. ამრიგად, მთავარი ძეგლი, რომლის მიხედვითაც გიორგი ბრწყინვალეს მოღვაწეობის გაშუქება იქნებოდა შესაძლებელი, აღარ მოგვეპოვება.
მართალია, ეს გარემოება მეტად აძნელებს საქმეს, მაგრამ იმ პერიოდის ისტორიის ძირითადი საკითხების ზოგადი გაშუქება მაინც ხერხდება. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო თარიღებს, რადგან ვარაუდი, რომლის გამოთქმასაც ვაპირებ, მხოლოდ და მხოლოდ თარიღებს ეფუძნება.
გიორგი საისტორიო ანალებიდან 1302 წელს ქრება და ვიდრე 1308-09 წლამდე არ ჩანს. თუ რატომ შეიძლება დავუშვათ, რომ მაინცდამაინც ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და ტამპლიერების ორდენის წევრი გახდა, ამისათვის კიდევ ერთ ფაქტს მოვიშველიებ.
XIV საუკუნის პირველი ნახევრის არაბმა ისტორიკოსმა ელ-ომარმა შემოგვინახა ეგვიპტის სულთნის ეპისტოლე, გიორგი მეხუთისადმი გაგზავნილი, რომელსაც აქ ვერ მოვიყვან უბრალო მიზეზის გამო – მხოლოდ მეფის ტიტულატურა იმდენად გრძელია, რომ ამ მასალის ფორმატი მას ვერ გასწვდება. მოვიყვან მხოლოდ იმ მონაკვეთს, რომელიც ჩვენს თემას შეეხება:

„იესოს სარწმუნოების საყრდნობისა, ქრისტიან გმირთა ცხებულისა, თავის ბრძანებით წმიდა ადგილთა (ე.ი. პალესტინა-იერუსალიმის) განმადიდებელისა, ნათელღებულთა მისაყრდნობისა, რომის პაპის მეშველისა, მუსლიმანთა მეგობრისა, დაახლოებულ მეგობართა შორის უმშვენიერესისა მეფეთა და სულთანთა უგულითადესი მეგობრისა…“

სხვა ქვეყნის მეფეებს აღმატებული ეპითეტებით რომ მოიხსენიებდნენ, ეს ცნობილი და მიღებული ფაქტია; ისიც ცნობილია, რომ გიორგის მიწერ-მოწერა ჰქონდა რომის პაპთან და ვენეციასთან, ელჩობაც გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს, სადაც გაუგონარი თხოვნა თუ მოთხოვნა წამოაყენა: წართმეული ჯვრის მონასტრის ქართველებისთვის დაბრუნება და პალესტინაში ქრისტიანებისთვის მაჰმადიანთაგან დაწესებული დამამცირებელი წესების გაუქმება.
საქართველოს მეფის არცერთი ამ თხოვნის (თუ მოთხოვნის) ასრულება მაჰმადიანთა მბრძანებლისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ უფრო მეტად მაინც პირველ თხოვნას უნდა ჩაეგდო იგი დიდ საგონებელში: ჯვრის მონასტრის ისევ ქართველებისთვის დაბრუნება ხომ მიზგითის კვლავ ქრისტიანთა სალოცავ ეკლესიად ქცევით დამთავრდებოდა, მართლმორწმუნე მაჰმადიანთა შეხედულება-მოძღვრებით კი ასეთი საქციელი მძიმე დანაშაულსა და დიდ ცოდვას წარმოადგენდა. ამ ნაბიჯის გადასადგმელად კი ეგვიპტის სულთანს გავლენიანი სასულიერო წრეები დასტურს ასე ადვილად ვერ მისცემდნენ.
ამის მიუხედავად, ეგვიპტის სულთანმა საქართველოს მეფის ორივე თხოვნა დააკმაყოფილა: ქართველებმა წართმეული ჯვარის მონასტერიც დაიბრუნეს, დანარჩენ ყველა ქრისტიანებთან ერთად ცხენსა და სახედარზე ჯდომის ჩვეულებრივი წესიც აღიდგინეს.
უცნაურია, როგორ და რა დამსახურებისთვის?
უცნაურია აგრეთვე გიორგი ბრწყინვალეს მოხსენიება „სულთნის მეგობრად“. სად და რა ვითარებაში გაიცნეს მათ ერთმანეთი? სამწუხაროდ, დაბეჯითებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. შემიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა, რომ ტამპლიერთა ორდენის აღმოსავლელი პრინცი დიდი მაგისტრი სწორედ ახალგაზრდა გიორგი იყო.
ამ მოსაზრების გასამყარებლად ვერავითარ სხვა არგუმენტს ვერ წამოვაყენებ გარდა იმისა, რაც მოგახსენეთ. ვარაუდების გამოთქმის საბაბს მაძლევს აგრეთვე თარიღებში უცნაური დამთხვევები, რაც ძალიან არასაკმარისია, მაგრამ ვერსიის დონეზე ოცნება ჩემთვის არავის დაუშლია.
ყველა ახალი ამბავი
0