რა შემთხვევაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში: მდინარაძის განმარტება

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია უახლოეს დღეებში უკრაინაში წასასვლელად მზად არის.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტის პირობები დაასახელა.
გასულ კვირაში პაპუაშვილმა საქართველოს მისამართით გამოთქმული ბრალდებების ფონზე უკრაინის რადის მხრიდან მიწვევას შეუფერებელი უწოდა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

„თუ ჩვენ ობიექტურად დავრწმუნდით და მივიღებთ რეალურ პასუხს, შეურაცხყოფაზე პასუხს, ამ შეურაცხყოფის ელემენტარულად უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც მივიღებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის... ამ დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში“, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მზად არიან, უკრაინაში გაემგზავრონ.
„საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება... რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, მოგეხსენებათ, რომ ეს დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს ელოდება“ იმისას, რომ ქართული ტერიტორია რუსეთში კონტრაბანდული საქონლისთვის არ გამოიყენება.
უკრაინის პასუხად საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ეს უკრაინამ უნდა წარმოადგინოს საკუთარ ბრალდებებზე მტკიცებულებები, ან ბოდიში მოიხადოს. მათ თქმით, ბრალდებები აბსურდულია. თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას.
ყველა ახალი ამბავი
0