მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

© AP Photo / Andrew Harnikმსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
მსოფლიო ბანკის საბაზისო პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2023 წლიდან აღდგენას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2022 წლის პროგნოზი 5,5-დან 2,5%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის რეგიონულ ეკონომიკურ ბიულეტენში.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო. საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.

„უკრაინაში მიმდინარე ომი, ალბათ, ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ვაჭრობის, ტურიზმისა და ფულადი გადარიცხვების შემცირების, ასევე ნედლეულის გაძვირების გამო. ნავთობისა და სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან და უკრაინიდან მოწოდების შეფერხებისა და განუსაზღვრელობის გამო“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის პრეს-რელიზში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბაზისო პროგნოზი ითვალისწინებს ეკონომიკური ზრდის აღდგენას 2023 წლიდან, ვინაიდან ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილება, ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების აღდგენა ნაწილობრივ კომპენსირდება საგადასახადო-საბიუჯეტო სტიმულების თანდათანობითი შეწყვეტით.
„მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი პროგნოზით, 2022 წელს ზრდა შენელდება, საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, გაუმკლავდეს ომის ეკონომიკურ შედეგებს გონივრული ფისკალური და საგარეო რეზერვებისა და საიმედო მაკროფინანსური სტრუქტურის წყალობით. საბანკო სექტორში შედარებით ძლიერი ფორმის კრიზისი იწყება, სახელმწიფო დეპოზიტები მნიშვნელოვანია, ხოლო ვალი, ალბათ, სტაბილური დარჩება“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
მისი თქმით, ახლა აუცილებელია ეკონომიკის გონივრული მართვა, დაზარალებული საწარმოებისა და საშინაო მეურნეობების დახმარება და ამავდროულად სტრუქტურული რეფორმების გააქტიურება წარმოების გასაზრდელად, ადამიანური კაპიტალის გასაუმჯობესებლად და კლიმატის ცვლილებების შედეგების აღმოსაფხვრელად.
მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, წელს უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 45,1%-ით შემცირდება. თუმცა, შემცირების მასშტაბები დამოკიდებული იქნება ომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. რუსეთის ეკონომიკა, რომელიც უპრეცედენტო სანქციებისგან დაზარალდა, უკვე ჩაეფლო ღრმა რეცესიაში, ხოლო 2022 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება 11,2%-ით.
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განვითარებადი სახელმწიფოებისა და იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომელთა ბაზრები ფორმირების პროცესშია, 4,1%-ით შემცირდება (ომამდე პროგნოზი 3%-იანი ზრდა იყო), ვინაიდან ეკონომიკურ რყევებს აღრმავებს COVID-19-ის პანდემიის ზემოქმედება. ეს იქნება ორი წლის განმავლობაში მეორე ვარდნა და იქნება ორჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე 2020 წელს პანდემიით გამოწვეული ვარდნა.
ყველა ახალი ამბავი
0