ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები მარტში გაიზარდა

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკის რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის დეკემბერში მიაღწია.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვებმა 2022 წლის 31 მარტისთვის 4.030,6 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
წლის დასაწყისიდან რეზერვები 241,5 მლნ დოლარით, ანუ 5,7%-ით შემცირდა. რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის ბოლოს მიაღწია.
რეზერვების ზრდამ 2021 წელს 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ნათქვამია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,4 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,1 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 478,2 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 30,1 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს რეგულატორმა ერთი აუქციონი გამართა, რომელზეც 39,57 მლნ დოლარი გაყიდა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის საშველად ვალუტა გაყიდა>>
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0