ქართველმა ბიზნესმენმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის თანხები მიითვისა: საქმის დეტალები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქემ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით საქართველოში დააფუძნა საწარმო და აღნიშნული კომპანიის სახელზე საბანკო ანგარიშები გახსნა.
ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად სოციალურ ქსელში წინასწარ შექმნილ პლატფორმაზე თითქოსდა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დიდი მოგების მიღების მიზნით განათავსა რეკლამა და ნდობის მოპოვების შემდგომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს 10 ათასი გირვანქა სტერლინგი საკუთარი კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა.
ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა დააკონვერტირა საწარმოს საბანკო ანგარიშზე, მიღებული 12.437 აშშ დოლარი კი საბანკო დაწესებულებიდან ფიქტიური დანიშნულებით გაიტანა და სწრაფი ფულადი გზავნილებით უცხო ქვეყანაში მასთან დაკავშირებულ პირთან გადარიცხა.
მიმალვაში მყოფი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზებზე დაიწყო, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ფულის გათეთრების“ საქმეში ბრალი ედება აღნიშნული პირის მიერ დაარსებულ კომპანიასაც, რომელსაც ჯარიმა, ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრება.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0