არავითარი ბრენდები: საქართველოში რეცეპტებში მხოლოდ აქტიური ნივთიერება იქნება მითითებული

© Pixabay / katicaj წამლები
წამლები - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქული ბიუჯეტური პრეპარატები უკვე ხელმისაწვდომია.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოში II ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტის გაცემის ახალი მოდელი იმისკენ არის მიმართული, რომ პაციენტებმა წამლების არჩევა ხელსაყრელ ფასად შეძლონ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში დღეიდან, 11 აპრილიდან ექიმები ვალდებული იქნებიან მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერონ. ფარმაცევტები აფთიაქში მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებენ, პაციენტი კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს.

„ყველა ექიმი საქართველოში ვალდებული იქნება მედიკამენტი გამოწეროს გენერიკული დასახელებით, ანუ ე.წ. აქტიური ნივთიერების მითითებით. თუ ადრე ექიმს შეეძლო პირდაპირ დაეწერა „მიგ-400“, „ნუროფენი“ და ა.შ. ახლა მიუთითებს „იბუპროფენს“ – აქტიური ნივთიერების დასახელებას და მას აღარ ექნება ბრენდის მითითების შესაძლებლობა. როცა პაციენტი აფთიაქში მივა, „იბუპროფენის“ შემცველ ყველაზე იაფ ალტერნატივას შესთავაზებენ და უკვე თვითონ პაციენტი გადაწყვეტს თავად, რომელი მედიკამენტი შეიძინოს“, – განმარტა აზარაშვილმა.

გენერიკი – სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც მწარმოებელი კომპანიის მიერ დაპატენტებული წამლის შემადგენლობის იდენტურია. გენერიკი იწარმოება და იყიდება პატენტის ვადის გასვლის შემდეგ.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გენერიკული რეცეპტების შემოღებით აღმოიფხვრება რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მედიკამენტების არაკეთილსინდისიერ დანიშვნასთან ექიმების მიერ, რომლებიც ხშირად სთავაზობენ პაციენტებს მხოლოდ კონკრეტული ბრენდის ძვირადღირებულ მედიკამენტებს.
მედიკამენტებზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად და ფასების შემცირების მიზნით იანვრის შუა რიცხვებში საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა თურქეთისთვის. თურქეთიდან საქართველოში უკვე შემოვიდა 200-მდე დასახელების მედიკამენტები, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები საშუალოდ 60%-დან 80%-მდე შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0