ხშირად ადით მაგიდაზე იმისთვის, რომ…

© PhotoL: Courtesy of Tsira Barbakadzeცირა ბარბაქაძე
ცირა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2022
გამოწერა
ცირა ბარბაქაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი, პოეტი და ფოტოხელოვანი.
ის პოეზიის ხუთი კრებულისა და არაერთი სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორია. 2006 წლიდან არის სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, 2010 წლიდან — სემიოტიკის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი; ორიგინალური ლიტერატურული და საგანმანათლებლო პროექტების ავტორი და ორგანიზატორი.
მიჰყავს სალექციო კურსები: პოეზია, რიტორიკა, მეტაფორები, სემიოტიკა. ამ რეგალიების მიღმა კი არის პოზიტიური ადამიანი, რომლის საქმიანობაც ყოველთვის შემოქმედებითი და სიახლეებით გამორჩეულია. ურთიერთობაში კი უბრალოებას და გულწრფელობას აფასებს. თვლის, რომ ცხოვრება სპონტანურობაშია, კვანტურობა კი მარტო ფიზიკა არ არის, ჩვენი ცნობიერების პროცესების გამოვლინებაცაა…
– ცირა, პოეზია, მეცნიერება, ფოტოხელოვნება, პედაგოგიკა – ეს ჩამონათვალი ხომ არ გაგრძელდა?
— კიდევ ყოველდღე ვიცინი, ხან ვტირი კიდეც. რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ჰობი და პროფესიებია, რომლებიც მეხმარება შინაგანი ადამიანის გარეთ გამოყვანაში. ჩამოთვლილის გარდა კიდევ ბევრი რამ არსებობს, რაც ადამიანს ავლენს. უბრალოდ, ჩვენ ვირჩევთ, რა უფრო კარგად გამოგვდის. ხვალ თუ რაღაც სხვა ფორმა დამჭირდება ამისთვის, აუცილებლად გეტყვით.
– სანამ კითხვას დაგისვამთ, თქვენი ერთ-ერთი ბოლო ლექსი „უდაბნო“ მინდა მკითხველს გავაცნო:
„უდაბნოში საგნებმა არ იციან,
რომ დაკარგულები არიან…
უდაბნომ არ იცის, რომ
მის საზღვრებში შესული,
საზღვრებიდან გასულია…
უდაბნოში დაკარგული
არავის ელოდება,
რადგან მან არაფერი იცის
დაკარგვის შესახებ…
აქ ყველა დაკარგულს დაკარგული აქვს ცნობიერება…
…ერთხელ ეს უდაბნო შენც უნდა გაგევლო…
– მეჩვენება, რომ თქვენი ლექსები დროთა განმავლობაში მოცულობით შემცირდა და მათში ფილოსოფიურმა მიგნებებმაც იმატა…
— მე არ მჯერა, რომ წლებთან ერთად ადამიანი უფრო „ბრძენი“ ხდება და არც გამოცდილების მჯერა. უბრალოდ, დროში არსებული ადამიანის პარამეტრები არ ემთხვევა დროის მიღმა არსებული ადამიანის პარამეტრებს, ამიტომ გვგონია, რომ წლებთან ერთად „სიბრძნეებს“ ვაგროვებთ. ცხოვრება სპონატურობაშია და აქ გამოცდილებისთვის ადგილი არ არის, აქ მხოლოდ აწმყოა და ყოფიერება. ასე რომ, ჩემ ძველ ლექსებშიც იპოვით ფილოსოფიას და, არა მგონია, ეს ორი (პოეზია და ფილოსოფია) სხვადასხვა რამ იყოს.
– ლექსის დაბადების იმპულსი უჩვეულო გარემო თუ ხდება?
— იცით, წერა უკვე ნიშნავს იმას, რომ „უცნაურ გარემოში“, ანუ სხვა განზომილებაში ხარ. ლექსი ყველგან შეიძლება დაიწეროს, მთავარია, მუზა სად და როდის აჩურჩულდება. ჩემ განწყობაზე ყველაფერი მოქმედებს – ამინდიც და წინა ღამის სიზმარიც. პოეზიას კი, როგორც ადამიანებს, თავისი რიტმი აქვს და შინაგანი ნავიგაცია. ყოველი ლექსი უნიკალურია, როგორც პიროვნება. ამ უნიკალურობითაა საინტერესო ლექსიც და ადამიანიც. საბოლოოდ, ყველაფერი წარმავალია, ყველა მოკვდება. ამიტომ და სწორედ ამიტომ: „დაიჭირეთ წამი!" იგრძენით სიცოცხლე!..
– გასულ წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული თქვენი საჯარო ლექცია „კვანტურობა, შემოქმედება და ადამიანი“ დღემდე ახსოვთ, ამ თემას სტატიებიც მიუძღვენით. ანუ, კვანტურ ფიზიკასაც გადაწვდით?
— მეცნიერები სულ უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ კვანტური ეფექტები მხოლოდ ფიზიკის სფეროს არ განეკუთვნება, რომ კვანტურობა ჩვენი ცნობიერების პროცესების გამოვლინებაა. ასეთ შემთხვევაში ის ყველასა და ყველაფერზე ვრცელდება. თანამედროვე ადამიანი, რომელიც ფლობს კვანტური ცნობიერების გასაღებს, ფლობს იმის საიდუმლოსაც, თუ როგორ შეცვალოს და მართოს საკუთარი ცხოვრება. ასე რომ, ეს ძალიან ვრცელი და საინტერესო თემაა, რომლისთვისაც ერთი ლექცია საკმარისი არ არის.
– ვიცი, რომ სტუდენტებთან ურთიერთობის თქვენეული ფორმა გაქვთ და მათთან უშუალოდ, როგორც თანატოლებთან, ისე ურთიერთობთ, რაც ზოგისთვის მიუღებელია…
— შორიდან არ ვიცი, როგორ ჩანს. ლექცია — ეს არის პროფესორისა და სტუდენტების ერთობა და დიალოგი და საუკეთესო შედეგისთვის ერთი ტრაფარეტი არ გამოდგება. მე არ მომწონს თანამედროვე განათლების სისტემა (არც სასკოლო და არც საუნივერსიტეტო), ამიტომ თავად ვაკეთებ, როგორც მომწონს და ამ ფორმატში სტუდენტები ცოდნას და სიხარულს ერთდროულად პოულობენ.
ჩემთვის სასაცილოა ცოდნის მიღების ტანჯვასთან დაკავშირება. ცოდნა — დღესასწაულია და მე ყოველ ლექციაზე ამ დღესასწაულში ვარ. დიახ, სტუდენტიც და ყოველი ადამიანიც თანასწორია და ჩემი სწავლების ეფექტიც სწორედ ამ დამოკიდებულებას მოაქვს, ეს ფამილარობა არ არის, ეს არის ამაღლებული ურთიერთგანწყობა.
სტუდენტებთან ჩემი ურთიერთობა ეფუძნება ცოდნას, სიყვარულს და თანასწორობას და ეს ყველაფერი დიალოგში ვლინდება. ისინი არიან უნიკალურები, შემოქმედები, გახსნილები. ჩემი ბედნიერებაა მათი მოსმენა და მათი ბედნიერებაა ურთიერთმოსმენა. სწორედ ამიტომ უხარიათ სტუდენტებს ჩემ ლექციებზე და მყავს ძალიან ბევრი თავისუფალი მსმენელიც. დიახ, ისინი პოულობენ საკუთარ თავს ამ ფორმატში.
– თქვენი ერთი პუბლიკაცია ამ თემაზე „იცინე, იცინე, მოხვალ გამოცდაზე და ვნახავ, ვინ გაიცინებს“ პედაგოგების მსჯელობის საგანი გახდა…
— ყველას არცაა სავალდებულო, რომ მოეწონოს ის, რასაც აკეთებ. ის ფრაზა, რაც სათაურშია, ალბათ მასწავლებლისგან არც თუ იშვიათად გსმენიათ. ეს თავისთავად უკვე სასაცილოა. ბავშვი კარგ გუნებაზეა და უცებ თავს ატყდება ასეთი მუქარა.
მოსწავლეზე გადაკიდებული მასწავლებელიც მინახავს, შურისძიებით სავსე, რომელიც ბრაზობს, რომ ბავშვმა მისი საგანი ვერ (არ) ისწავლა, იზარმაცა. ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მასწავლებლის მუქარა მაინც სულ სხვაა.
ბავშვს განწყობა უნდა შეეცვალოს, დაითრგუნოს. საგანი რომც მოამზადოს, მასწავლებელი უკვე „გადაკიდებულია". მავანმა, შესაძლოა, ასეთი მასწავლებელიც გაამართლოს: რა ქნას, ისიც ხომ ადამიანია, ისიც იღლება, სხვა რაღა დარჩენია – ან ცარცი უნდა ესროლოს მოსწავლეს, ან ფეხები აბაკუნოს, ან დაემუქროს…
– მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგიკის ბევრი სახელმძღვანელო არსებობს, ამ საქმეში მზა რეცეპტები მაინც არ არის იმისთვის, თუ როგორ უნდა იყო კარგი მასწავლებელი, მით უფრო დღეს?
— რა ვიცი, მე რეცეპტებს ვერ გავცემ, მასწავლებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის როგორ მოიქცეს. მე, უბრალოდ, არ მომწონს აგრესიული მასწავლებელი. ის უფრო მეტს კლავს ბავშვში, ვიდრე უცოდინრობა მოკლავდა. ნუთუ არ არსებობს ცოდნის გადასაცემად სხვა გზა, გარდა აგრესიისა? ეს ცოდნაც უმეტესად დაზუთხვაა და არა გააზრებული ცოდნა. ერთი სიტყვით, აგრესიულ და გაბრაზებულ, „მკაცრ, მაგრამ სამართლიან" მასწავლებელს გაღიმებულს ვარჩევდი, ღიმილით რომ გაუხსნის აღსაზრდელებს სულს და გონებას, სწავლისთვის რომ განაწყობს და არა სალაზღანდაროდ.
გაკვეთილის ღიმილით დაწყება კეთილგანწყობას გამოხატავს, გაღიმებულ მასწავლებელს უფრო მეტად ენდობიან, ხოლო „კოპებშეკრულთან" მოსწავლეებიც უფრო „წესიერები", მაგრამ უფრო ჩაკეტილებიც არიან. მე ვფიქრობ, ღიმილი მასწავლებლის სავიზიტო ბარათია. გაიღიმეთ და ღიმილით ასწავლეთ. დაბალი ქულაც ხომ შეიძლება ღიმილით დაწერო?
მოკლედ, ახალი და კრეატიული მეთოდები უნდა ეძებოთ ბავშვის გულამდე მისასვლელად. ცოდნის მიღება კომპლექსური პროცესია, მხოლოდ სიტყვებს არ მოჰყვება ცოდნა, ის მოედინება თქვენს ემოციასთან, თქვენი საუბრის რიტმთან, თქვენ შინაგან მდგომარეობასთან ერთად. აგრესია აგრესიას იწვევს, ღიმილი კი ამრავლებს კეთილგანწყობას. ყოველგვარი ემოცია „მრავლდება".
– ცირა, მე მინახავს სტუდენტებთან თქვენი ურთიერთობა აუდიტორიის მიღმაც. სადღაც მისტერ კიტინგს მაგონებთ ფილმიდან „მკვდარი პოეტების საზოგადოება“.
— მიყვარს ეს ფილმი: Dead Poets Society და რობინ უილიამსის გმირი, მისტერ კიტინგიც, რომელიც კონსერვატიულ სასწავლებელში მოხვედრილი ლიტერატურის მასწავლებელია და ბავშვებს დაფიქრებისკენ, საკუთარი სტილის პოვნისკენ უბიძგებს. ლექსების მშრალი ანალიზის ნაცვლად იმას ასწავლის, თუ როგორ შეიგრძნონ პოეზია.
ის მომენტი გახსოვთ, მაგიდაზე ამხტარი მოსწავლეებს რომ ეკითხება: „აბა, ვინ მეტყვის, მაგიდაზე რატომ ვდგავარ?“ — უფრო მაღალი რომ გამოჩნდეთ, პასუხობს ერთი, მისტერ კიტინგის პასუხი კი ასეთია:
„მაგიდაზე იმიტომ ვდგავარ, რომ საკუთარ თავს შევახსენო, მოვლენებს ყოველთვის სხვა თვალით უნდა შევხედოთ. იცით, სამყარო აქედან სულ სხვანაირი ჩანს“.
ასე რომ, მასწავლებელს მოსწავლეებისთვის ლიტერატურის გაკვეთილებზე საკუთარ თავზე დაფიქრება რომ ესწავლებინა, ალბათ, სამყარო უფრო საინტერესო გახდებოდა და აღარც მასწავლებელს დასჭირდებოდა მუქარა – „მოხვალ გამოცდაზე და ვნახავთ, ვინ გაიცინებს!“
– ბოლოს ფოტოხელოვნებაში ე.წ. „ანარეკლების“ პერიოდი გქონდათ, ანუ წყალში ასახულ სამყაროს იღებდით…
— ანარეკლების თემა თავშიც იყო და ახლაც არის და სულ იქნება, რადგან „ანარეკლი“ ჩემთვის უბრალოდ წყალში ასახული გამოსახულება არ არის, ეს კონცეპტია. ანარეკლია ჩვენი ფიზიკური რეალობაც, რომელიც ისეთივე მყიფეა, როგორც წყალში არეკლილი პეიზაჟი…
ყველა ახალი ამბავი
0