ამბავი თამარის მიერ მრისხანე სალადინის უიარაღოდ დამარცხებისა

© Pixabay / Atlantiosქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2022
გამოწერა
არახალია, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების თანადგომა სჭირდება. ანუ, ჩვენი ბედი სხვათა ხელშია და ჩვენც შევეგუეთ ამას.
არადა, იყო დრო, როდესაც საქართველოსი ეშინოდათ და მისგან ითხოვდნენ გარანტიებს. ამის დასტურად მე-12 საუკუნის ეგვიპტის დიდი სულთნის — სალადინის სამეფო დავთრებში აღმოჩენილი თამარ მეფის წერილი გამოდგება, რომელიც, სავარაუდოდ, 1187-1190 წლებშია დაწერილი.
სანამ უშუალოდ თამარის წერილზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ 1187 წელს სალადინმა იერუსალიმი დაიკავა და საბოლოოდ დაამხო ჯვაროსანთა ძლიერება წმინდა მიწაზე. უნარიანმა ეგვიპტის სულთანმა ქვეყანას ძველი დიდება და ძლიერება დაუბრუნა.
უფრო მეტიც, მან ვასალებად აქცია თავის გარშემო არსებული მუსლიმანური საამიროები თუ სახანოები. სალადინის ეგვიპტე რამზეს დიდის დროინდელ სახელმწიფოს საზღვრებში მოექცა. ეგვიპტის ვასალი გახდა შაჰ-არმენთა სასულთნოც და ეგვიპტე უშუალოდ საქართველოს გაუმეზობლდა. რა თქმა უნდა, ტერიტორიებს თამარიც იერთებდა და საბოლოოდ წინა აზიაში ორი მძლავრი სახელმწიფო წამოვიდა წინ: საქართველო და ეგვიპტე.
იერუსალიმის დაცემას, ბუნებრივია, ამ ორი სახელმწიფოს დაპირისპირება უნდა გამოეწვია.
საქმე ისაა, რომ საქართველო, მოყოლებული დავით აღმაშენებლის პერიოდიდან, ჯვაროსნების მოკავშირედ მიიჩნეოდა. ამან ქართველებს საშუალება მისცა, გაეფართოებინათ საკუთარი სამფლობელოები წმინდა მიწაზე. იმ დროისათვის ქართველები ათამდე ეკლესია-მონასტერსა თუ საყდარს ფლობდნენ იერუსალიმსა და მის შემოგარენში, სადაც ქართულად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა.
შესაბამისად, პალესტინაში არაერთი ქართული „სათვისტომო“ ფუნქციონირებდა და საკმაოდ აქტიურადაც. როგორც იტყვიან, წმინდა მიწაზე ქართული სული ტრიალებდა, ცხოვრება ჩქეფდა. იქ არსებულ კულტურულ და რელიგიურ ცენტრებში, რომლებსაც ქართველი მეფეები მფარველობდნენ, იწერებოდა და ითარგმნებოდა ლიტერატურული შედევრები.
მაგრამ თამარის მეფობის დასაწყისში საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების პრეცედენტი დაფიქსირდა. ჯერ იყო და 1184 წელს დიდგვაროვნებმა იმძლავრეს და თამარი აიძულეს, თანამდებობიდან დაეთხოვა ის „უგვარო“ ვაზირები, რომლებიც გიორგი მესამის სიცოცხლის ბოლო წლებში დაწინაურდნენ მეფის ხელისუფლებისადმი ერთგულების გამო. ამას კი მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლა მოჰყვა, რამაც ქართული საზოგადოება ორ დაპირისპირებულ ბანაკად აქცია.
მართალია, მაშინ თავიდან აიცილეს სამოქალაქო ომი, მაგრამ საქართველო მაინც ვერ გადაურჩა ძმათაშორის ორწლიან სისხლისღვრას. ბუნებრივია, ასეთ დროს საქართველოს სამეფო ხელისუფლება ვერ მოიცლიდა პალესტინისთვის. ჯვაროსნებმა ვერც დასავლეთ ევროპიდან მიიღეს სათანადო დახმარება, რითაც ისარგებლა კიდეც ეგვიპტის სულთანმა და ჯვაროსნებს იერუსალიმის სამეფო დაათმობინა.
იერუსალიმის დაკარგვამ გამოაფხიზლა თამარის სამეფო კარი. საქართველოს იერუსალიმის წმინდა სავანეების დასაბრუნებლად ორი გზა რჩებოდა – იერუსალიმის დალაშქვრა ან სალადინთან შეთანხმება.
საქართველო იმ დროს საკმაოდ ძლიერი ქვეყანა იყო და იერუსალიმის დალაშქვრა მისთვის შეუძლებელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ, გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, ამის გაკეთება არ უღირდა.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ჩანს, საქართველოს სამეფო კარი მაინც ეწეოდა საომარ სამზადისს, რამაც, ეტყობა, ძალიან შეაშფოთა სალადინი და თბილისში დესპანი გამოგზავნა.
ზუსტად არ არის ცნობილი, რა მოხდა, ან როგორ მოხდა თამარსა და სალადინს შორის შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: შეთანხმება შედგა.
მის თანახმად:
თამარმა დაიბრუნა ის წმინდა სავანეები, რომლებიც მუსლიმებმა მიიტაცეს იერუსალიმის აღების დროს;
თითქმის უსასყიდლოდ გაათავისუფლეს სალადინის მეომრების მიერ დატყვევებული ქართველები;
იერუსალიმისკენ მიმავალ ქართველ პილიგრიმთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებდა ეგვიპტის სულთანი, რომელმაც სპეციალური რაზმი გამოყო მომლოცველთა იერუსალიმამდე და პირიქით გასაცილებლად;
და ძალზე მნიშვნელოვანი: ქართველებს შეეძლოთ იარაღასხმულებს, ცხენზე ამხედრებულთ, გაშლილი დროშებით შესულიყვნენ იერუსალიმში!
ამ ფაქტის მნიშვნელობა ისაა, რომ იერუსალიმის აღების შემდეგ აბსოლუტურად ყველა ქრისტიანს აეკრძალა ქალაქში იარაღითა და ცხენზე ამხედრებულს შესვლა.
და კიდევ: მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმი სალადინისა იყო, იქ არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებში კვლავაც აღევლინებოდა ქართული წირვა-ლოცვა.
ასე რომ, საქართველოს სამეფო კარმა ფაქტობრივად უბრძოლველად მიიღო აბსოლუტურად ყველა პრივილეგია, რაც ქართველებს იერუსალიმის ჯვაროსანთა სამეფოში გააჩნდათ. სანაცვლოდ საქართველოს მეფემ სალადინს აღუთქვა, რომ არ შეავიწროვებდა მუსლიმანებს და არ დაესხმებოდა თავს სულთნის სამფლობელოს.
სწორედ ამაზეა საუბარი სალადინის დავთარში აღმოჩენილ თამარის წერილში, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
მიხაი ზიჩი რუსთაველი საკუთარ ქმნილებას თამარ მეფეს გადასცემს - Sputnik საქართველო

„მე, რომელიც თამარი ვარ, გიორგის ასული... ვფიცავარ უბიწოებასა და კდემას მარიამისას, ვფიცავ სახარებას, დაბადებასა და ფსალმუნს, რომელნიც უფლის სიტყვანია მესიაზე, მოსესა და დავითზე (მშვიდობა მათ!) გარდმოსული, რომ მავან მავანისძესთან კეთილი განზრახვით და კარგი სურვილით ვიქნები, სანამდის ცოცხალი ვარ და არასოდეს მავანი ქალაქისა და ვილაითის და მისი ციხეების აღებას არ განვიზრახავ და არ ვინებებ არც აშკარად და არც ფარულად და თავს ნებას არ მივცემ, დავიმორჩილო მისი ხალხი და ლაშქარი“.

ყველა ახალი ამბავი
0