პრემიერი: საქართველო არასოდეს დაუშვებს, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2022
გამოწერა
მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთში კონტრაბანდის ბრალდებებთან დაკავშირებით.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველო არასოდეს დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და, მით უმეტეს, აბსურდულია ბრალდება, თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან სამწუხარო იყო ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან.

„გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება არ დაუშვებს რაიმე სანქცირებული პროდუქციის, საქონლის გადატანას ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სრულ კოორდინაციაში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან, ონლაინ რეჟიმში ჩვენ ვცვლით ინფორმაციას, ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან და, ვფიქრობ, აქ არავითარი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. მისი თქმით, უკრაინა საქართველოსგან ელოდება „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს“ იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში კონტრაბანდის შესატანად არ გამოიყენება.
კობახიძემ უკრაინის ბრალდებებს „ფეიკი“ უწოდა>>
საქართველოს ხელისუფლებამ ამ ბრალდების პასუხად უკრაინას მოუწოდა, თავად წარმოადგინოს მტკიცებულებები საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდული საქონლის შეტანასთან დაკავშირებით. სუსმა უკრაინულ მხარეს შეახსენა ასევე, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა გათვალისწინებულია რიგი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბრალდებას „დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.
ყველა ახალი ამბავი
0