საქართველო რამდენიმე სესხზე უარს იტყვის

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
ქვეყანა აპირებს უარი თქვას EBRD-ს სესხის ტრანშზე, რომელიც ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის იყო განკუთვნილი, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა საგარეო ვალის შემცირების მიზნით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სასესხო ხელშეკრულებების რაოდენობას ამცირებს, პირველი იქნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 55 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, განაცხადა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
კაკაურიძის თქმით, EBRD-ს მიერ გამოყოფილი 90 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის მეორე ტრანშს, რომელიც 55 მილიონი ევროსგან შედგებოდა, საქართველო აღარ ისესხებს. ეს სესხი „ნენსკრაჰესის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის და ქვესადგურის ასაშენებლად იყო განკუთვნილი.

„2024 წლისთვის, როდესაც დაგეგმილი იყო ამ ტრანშის აღება და ათვისება, კომპანიას ამ პერიოდიდან შესაძლებლობა ექნება, რომ დაიწყოს საკუთარი ძალებით ამ თანხის მობილიზება და ასევე კორპორატიზაციის პარალელურად თავადვე შეძლოს სესხის მოზიდვა“, – განაცხადა კაკაურიძემ.

კაკაურიძის თქმით, მთავრობამ ასევე უარი თქვა სხვა სესხებზე.
„ჩვენ დაგეგმილი გვქონდა არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ინფრასტრუქტურული მიმართულებებითაც სესხების აღება, თუმცა აღარ გაფორმდა სასესხო ხელშეკრულებები და აღარ მოხდა ხელმოწერა, ვინაიდან ჩვენი სტრატეგიული მიზანი რაც არის, არის ვალის მოწყვლადობის შემცირება. ანუ, ერთი მხრივ, ჩვენ უნდა შევამციროთ ვალის მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებით, მაგრამ ამავე დროს მიზანია, რომ უცხოურ ვალუტასა და ლარს შორის თანაფარდობა ვალში, რაც დღეს არის 80%/20%, 2025 წლისთვის 65%/35%-მდე შევამციროთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.
ამ დროისათვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 8,12 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო კონკრეტულად EBRD-ს ვალი – 229 მილიონ დოლარს.
ყველა ახალი ამბავი
0