შაპიტო „ანტრე“: იპოლიტე ხვიჩია, მეორე „კუჭკუჭი“ და მეექვსე ცოლი

© Sputnik / Denis Aslanovცირკი
ცირკი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
თავი რომ დავანებოთ იმ საყოველთაოდ ცნობილ, გაშარჟებულ აზრს, რომ მთელი ქვეყანა ცირკს დაემსგავსა, საცირკო ჟანრი საქართველოში რეალურად ცოცხალია და გაქრობა არ უწერია, ამის ნათელ დასტურად თუნდაც ოლეგ თავაძის ცირკი-შაპიტო „ანტრე“ გამოდგება.
ბატონი ოლეგი ამ შაპიტოს მსახიობი და კომერციული დირექტორია. სცენასა და ცხოვრებაში კლიშეებს არ სცნობს და, ამდენად, მასთან საუბარიც საინტერესოა.
– ბატონო ოლეგ, თქვენ მოსკოვში გაქვთ დამთავრებული თეატრალური სტუდია, როგორ გახსენდებათ ის წლები?
— დიახ, 1978-79 წლებში ვახტანგოვის თეატრალურ სტუდიაში ვსწავლობდი, მაშინ ჩვენ სასწავლებელში არც ისე ბევრი ქართველი ვიყავით. კურიოზებით სავსე, ხალისიანი ცხოვრება გვქონდა. ერთხელ, მახსოვს, ცნობილი რუსი კომიკოსი გიორგი ვიცინი შემოვიდა ჩვენთან და გვკითხა, აბა,თუ მეტყვით, რასთან ასოცირდება ჩემი ჩანთაო. ვარიანტები რომ ჩამოვუთვალეთ, გაიცინა და თქვა – ეს არ არის „პორტფელი“, ეს „სპირტფელიაო“… თბილისში რომ ჩამოვედი, თენგიზ ჩანტლაძესთან მინიატურების თეატრში ვიყავი. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ნიჭიერი მსახიობი იყო.
– მარჯანიშვილის თეატრის მსახიობიც იყავით…
— როცა მარჯანიშვილის თეატრში დადგეს სპექტაკლი „ჩემი ეიფელის კოშკი“, მე პატარა როლი მომცეს. ამ სპექტაკლში ჩვენს საყვარელ მსახიობს გივი ბერიკაშვილს ვუწევდი პარტნიორობას, რამდენიმე ფრაზა უნდა მეთქვა. ისე ვნერვიულობდი, სპექტაკლის წინ მთელი ღამე არ მეძინა.
– ცირკ-შაპიტოს შექმნის იდეა როდის გაჩნდა და ორიგინალური ჟანრის რომელი მსახიობები არიან მასში?
— 90-იან წლებში, როცა თბილისის ცირკი დახურეს, ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან ასეთი ჟანრი ქვეყანაში არ უნდა მოკვდეს. ცირკ-შაპიტოს შექმნის იდეა 94-95 წლებში გაჩნდა, მაგრამ აქტიური მუშაობა 1998-2000 წლებში დავიწყეთ. ჩვენ შაპიტოში, რომელსაც „ანტრე“ დავარქვით, უნიკალური საცირკო ჟანრის მსახიობებია თავმოყრილი: ბატონი ვაჟა ნატროშვილი – „ადამიანი ოთხი ხელით“, რომელიც ფეხით ხატავს, ისვრის და შამპანურის ბოთლს ხსნის; ადამიანი–ორკესტრი, უნივერსალი რამაზ გარშაულიშვილი, რომელიც თუ საცირკო ხელოვნებაში რაიმე ხდება, ყველაფერს ასრულებს. ის არის აკრობატი, ეკვილიბრისტი, ბაგირზე მოსიარულე.
გვყავს მამა-შვილი ვერონიკა და ალექსანდრე დაშევსკები. ალექსანდრე ცხოველების მწვრთნელია, გოგონა გველთან მუშაობს და ისე იხვევს კისერზე ამსიმძიმე პითონს, რომ უყურებ, გეშინია.
თამაზ ჭოლაძე — იმერეთში ცხოვრობს, ჟონგლიორია და საკუთარი საცირკო ჯგუფი ჰყავს. ასევე ილია გაბუნია, რომელიც ნიჭიერი ადამიანია, დინი ჩხაიძე და მისი შვილი, მირიან ჩხაიძე – ნიჭიერი ბავშვი, რომელიც მონოციკლზე დადის. დავით ჭედია, რომელიც სულ ახლახან ავიყვანეთ და ძალიან გაგვიმართლა.
ლაშა ალელიშვილი, რომელიც ტანით პატარაა, მაგრამ მაგარი კაცია, ჯემალ დემურაძე ოჯახითაა ჩართული ამ საქმეში და ატარებს საცირკო სანახაობებს, საიდანაც შემოსული თანხით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეხმარება. კიდევ, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო…
– საცირკო ხელოვნების მსახიობებს თიკუნი, ანუ ზედმეტი სახელი აქვთ, არც თქვენ იქნებით გამონაკლისი, ასეა?
— კი ბატონო, მეც მაქვს მეტსახელი — კუჭკუჭი.
– ბატონმა იპოლიტე ხვიჩიამ თუ იცოდა ეს ამბავი?
— მახსენდება, ტყიბულში ქართული იუმორის კონკურსი ტარდებოდა, სადაც პატარა გამოსვლა მქონდა, რომლის მერეც მან მითხრა – ახლა ვიცი, რომ ჩემ შემდეგ იუმორი კიდევ იქნებაო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეფასება იყო…
– თქვენ შაპიტოს კომერციული დირექტორი ხართ, მაგრამ ამავე დროს საცირკო ნომრებითაც გამოდიხართ…
— რასაკვირველია, მეც შემიძლია ბევრი რამ: დანებზე და შუშებზე ვწვები, ცეცხლის ბილიკი მაქვს, რომელზეც დავდივარ, ადუღებულ ტყვიას პირში ვისხამ, გოგირდმჟავას კი ტანზე და ცოცხალი ვარ. ორშაბათს „ნიჭიერი“ იწყება და ჩვენ პირველივე გადაცემაში ვართ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დაფინანსების გარეშე ვარსებობთ. კულტურის სამინისტრომ არ დაგვაფინანსა, არც განათლების სამინისტრო გვიწყობს ხელს, რომ პატარა წარმოდგენებით სკოლებში შევიდეთ. დღეს ყველა ოჯახს არა აქვს იმისი საშუალება, რომ ბავშვი თეატრში ან სადმე მიიყვანოს. ჩვენ კი ადგილებზე მივალთ და თანაც ბილეთი ძალიან სიმბოლური თანხა, სულ რაღაც 3 ლარი ღირს, ბავშვებს კი ცხოვრებას გავუხალისებთ. არც საცირკო სასწავლებელი არსებობს საქართველოში და ეს ძალიან დიდი შეცდომაა…
– არის ერთი საკითხი, რაც თქვენ პიროვნებასთან დაკავშირებით ერთ საქილიკო კითხვას აჩენს, მაგალითად, ამჯერად მერამდენე ცოლი გყავთ?
— ეს მეექვსეა და ბოლო…
– ნამდვილად?
— კი, წყალი არ გაუვა!
– უკაცრავად რომ გეკითხებით და, რატომ შორდებოდით ცოლებს, უთანხმოება გქონდათ თუ?..
— რა ხდება, იცით, პირველი რომ მოვიყვანე, მაშინ პატარა ვიყავი და მეგონა, რომ ცოლი მინდოდა, სინამდვილეში ქალი მინდოდა… მერე რაღაც ფაქტორებს უწევ ანგარიშს: ნათესავებს, ხალხს, მაგრამ თავთან მართალი ხომ უნდა იყო? ამიტომ ვშორდებოდი ცოლს და სხვა მომყავდა.
– ახლა დარწმუნებული ხართ, რომ ის სხვა აღარ იქნება?
— რას გეტყვით, იცი? თაფლით სავსე ქილა თუ დამიდეს წინ, ვერ დაგპირდებით, რომ მასში თათს არ ჩავყოფ.
– და „დედა დათვმა“ რომ გაიგოს?
— საქმეც ისაა, არ უნდა გააგებინო!..
– გპირდებით, რომ ჩვენგან ეს ამბავი არსად გავა… გმადლობთ გულწრფელი და საინტერესო საუბრისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0