ევროპა რუსეთს ორმაგად ურტყამს. რას მიიღებს სანაცვლოდ?

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
გასაკვირი არ არის, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უნდათ ომი უკრაინაში რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს: ისინი თავიდანვე იყვნენ დაინტერესებული, რუსეთისთვის „მეორე ავღანეთი“ მოეწყოთ, შეეშალათ ხელი მისთვის დასავლეთისგან უკრაინის დახსნაში ან იძულებული გაეხადათ, უკრაინის სანაცვლოდ მაქსიმალური საფასური გადაეხადა. პარალელურად ისინი მეორე ამოცანის გადაჭრასაც ცდილობენ – აძლიერებენ გავლენას ევროპაზე, რათა ბებერი კონტინენტი გეოპოლიტიკურად აშშ-ზე უფრო დამოკიდებული გახადონ. ამ სიტუაციაში ევროპა მსხვერპლია, მაგრამ არა მითიური რუსული საფრთხის, არამედ კონკრეტული ანგლოსაქსური თამაშის.
თუ ეს კომბინაცია მთელ მსოფლიოს ესმის, თავად ევროკავშირშიც უნდა აწუხებდეთ ეჭვები მაინც. მაგრამ გასაკვირია, რომ ევროპის ხელმძღვანელები სულ უფრო მკაფიოდ დებენ ფსონს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებაზე და ვერ ხვდებიან, სად მიიყვანს ეს მათ.
ხვალ კიევში ევროკავშირის ლიდერები ჩავლენ – ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული დიპლომატიის თავკაცი ჟოზეპ ბორელი. ჩავლენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთთან ომში, არა მორალურად, არამედ მატერიალურად, ანუ იარაღით. გასაგებია, რომ აშშ-ს და ბრიტანეთს უნდათ, რომ საბრძოლო მოქმედებები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს – მათთვის ეს ხელსაყრელია. მაგრამ რის მიღწევა სურს ევროკავშირს?
ჟოზეპ ბორელი ოთხშაბათს ევროპარლამენტს უხსნიდა, რომ ევროკავშირისთვის სულერთი არ არის კონფლიქტის შედეგი და ამიტომ ის შეეცდება კრიზისის მოგვარებას – „რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“.
„გამოითქვა მოსაზრება, რომ კონფლიქტის უმოკლეს დროში დასრულების კარგი მეთოდი იქნებოდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა, მაგრამ როდესაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, როგორი იქნება შედეგი? თუ ყველაფერი დასრულდება დანგრეული და დამარცხებული ქვეყნით, მილიონობით დევნილით და ათასობით მოკლულით, ეს არ გვინდა. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ იარაღის მიწოდება... ამ ტიპის კონფლიქტებში გამარჯვება მოაქვს იარაღსა და მოწინააღმდეგის ეკონომიკურ დასუსტებას“.
ანუ ევროკავშირი, პრაქტიკულად, თავს კონფლიქტის მხარეს უწოდებს. ამასთან ბორელი ამბობს, რომ „ბალანსის რთულ სიტუაციაში“ იმყოფებიან. „გვინდა უკრაინას დავეხმაროთ, მაგრამ არ გვინდა ომში ჩავებათ. ევროკავშირი სამხედრო გაერთიანება არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინას უნდა დავეხმაროთ. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ არ ვკვეთთ წითელ ხაზებს“. საკვირველია, პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი არ სურთ არც ევროკავშირს, არც რუსეთს, რადგან ეს იქნება რუსეთისა და ნატოს, ანუ ბირთვული იარაღის მფლობელი ორი მოწინააღმდეგის ომი. მაგრამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ევროკავშირი არაფრად არ მიიჩნევს. თუმცა ვერავითარი ევროპული მიწოდება ვერ შეაჩერებს რუსული სამხედრო ოპერაციის მსვლელობას. ევროპელებს არ შეუძლიათ მძიმე ტექნიკისა და ავიაციის უკრაინული ჯარისთვის მიწოდება იქ, სადაც მთავარი ბრძოლები მიდის, ანუ დონბასში. მეორეც, მიწოდების ნომენკლატურა საკმაოდ შეზღუდულია, მაგალითად, ბუნდესვერის საწყობები უსასრულო არ არის. მოსკოვი შუა გზაზე არ გაჩერდება. რუსეთის მიზანი გასაგებია, ევროკავშირისა კი კითხვებს ბადებს.
საინტერესოა, ევროკავშირში სჯერათ, რომ რუსეთი შეიძლება აიძულონ, უარი თქვას უკრაინის დემილიტარიზაციაზე? თუ არ სჯერათ, გამოდის, რომ იარაღის მიწოდებით ისინი ანგლოსაქსების მსგავს მიზნებს ისახავენ: გააჭიანურონ საბრძოლო მოქმედებები რაც შეიძლება დიდხანს. მაგრამ აქ ისმის კითხვა – რისთვის სჭირდება ევროპას ხანგრძლივი ომი თავის აღმოსავლეთ საზღვრებთან?
რაც უფრო დიდხანს გასტანს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში, მით უფრო მეტად გადაიქცევა ევროკავშირი ნატოს დანამატად.
რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში თავისკენ მიაბრუნებს უკრაინას ისე, რომ მსოფლიოში საკუთარ წონას კი არ შეამცირებს, არამედ, პირიქით, გაზრდის.
ევროპა ჯერ დაკარგავს უკრაინის ათვისების გეგმას და ყველა კავშირს რუსეთთან, შემდეგ ცხოვრების დღევანდელ დონეს, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და გეოპოლიტიკურ ამბიციებს. და ვეღარ იოცნებებს სტრატეგიულ ავტონომიაზე. ევრო უკვე დისკრედიტებულია, ჩინეთთან კავშირებს ანგლოსაქსები თანდათანობით გაანადგურებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0