„წარმოადგინონ მტკიცებულებები" - საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ბრალდებებზე

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
მსგავსი განცხადებები შეურაცხმყოფელია როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, განაცხადა მდინარაძემ.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. უკრაინამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბადული საქონლის შეტანასთან დაკავშირებით, ან უარყოს საკუთარი აბსურდული განცხადებები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა კი მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს ელოდება, რომ ისინი ამას არ აკეთებენ“.

„ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის – საქართველოს მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს.
„მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც გაუგონარ ზრახვებსა და დანაშაულში სდებ ბრალს – ეს სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები შეურაცხმყოფელია როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, აღნიშნული განცხადებების უკან დგანან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – ცალკეული პიროვნებები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდის მაღალჩინოსნები ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე და სხვები, რომელთა წინააღმდეგაც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა, ადეიშვილი – უკრაინის გენპროკურორის მრჩეველი, თავად სააკაშვილი კი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.

„უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია, განაცხადა მდინარაძემ.
„ამიტომაც მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით ომის პარტიას („ნაცმოძრაობას“) და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, დასძინა მან.
მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთში კონტრაბანდის ბრალდებასთან დაკავშირებით. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ის, რაც უკრაინამ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.
სუსმა ასევე შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აღნიშნულ ბრალდებას სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდეს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას, აღნიშნეს სამინისტროში.
ყველა ახალი ამბავი
0