საგარეო უწყებამ უკრაინას გამოთქმული ბრალდებების მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება საქართველოს გავლით რუსეთისთვის სანქცირებული კონტრაბანდული საქონლის მიწოდების შესახებ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, უკრაინული მხარის ვერსიით, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

„დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე, როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უშიშროებისთვის, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კასიანოვს ასევე გადასცეს უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საქართველოს მიერ უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების, უკრაინელ ლტოლვილთა მიღების საქმეში გაწეული წვლილისა და საქართველოს მტკიცე პოზიციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებების კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0