როგორ იშიფრება სიზმრები, ანუ რის თქმას ცდილობს ქვეცნობიერი

© Pixabay / 159590მძინარე ქალი
მძინარე ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. როცა ადამიანს კოშმარები ესიზმრება, ამით ჩვენი ქვეცნობიერი რაღაცის თქმას ცდილობს, აცხადებს ამერიკელი ფსიქოლოგი კარმენ ჰარა (Carmen Harra).

„ვინაიდან სიზმრები ჩვენს ქვეცნობიერში იბადება, ისინი გვეხმარება ჩვენი ფარული შიშების, საჭიროებებისა და სურვილების გაგებაში. სიზმრები გვაიძულებს მოვუსმინოთ ჩვენს გრძნობებს და სულიერ მდგომარეობას. ჩვენ მათ ძირითადად სწრაფი ძილის ფაზაში ვხედავთ, როდესაც ტვინის აქტივობა მაღალია — თითქმის ისე, როგორც სიფხიზლის დროს“, — ამბობს ჰარა.

გამოცემა Daily Mail-ის სტატიაში ის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული კოშმარის მნიშვნელობას განმარტავს — სიკვდილის, დევნის, დამბლის, ასევე ღალატის, ფრენისა და დაცემის ჩათვლით.
ვნახოთ, კარმენ ჰარას აზრით, რომელი სიზმარი რაზე მიგვანიშნებს:

დევნა

თუ გესიზმრებათ, რომ ადამიანი, ცხოველი ან რაიმე საშიში ფიგურა მოგდევთ, სავსებით შესაძლებელია ეს იმას ნიშნავდეს, რომ რეალურ ცხოვრებაში გულმოდგინედ ემალებით, გაურბიხართ ნამდვილად არსებულ პრობლემას.
ეს შეიძლება იყოს პრობლემა, რომელთან გამკლავებაც არ გსურთ, ან ადამიანი, რომლის ნახვაც არ გინდათ. გარდა ამისა, ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ:
არ გსურთ გაუხსნათ ცნობიერი ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს,
არ გსურთ აღიაროთ თქვენი რომელიღაც ნაწილი, რომელსაც თრგუნავთ.
ხოლო თუ გესიზმრებათ, რომ მდევარი თქვენ ხართ, ეს თქვენი ამბიციურობისა და მიზანდასახულობის ნიშანია; მეტყველებს იმაზე, რომ არ გინდათ სხვებს ჩამორჩეთ.

ღალატი

თუ გესიზმრებათ, რომ საყვარელი ადამიანი გღალატობთ, ეს თქვენს შინაგან დაუცველობასა და კომპლექსებზე მიუთითებს. შესაძლოა ცხადში პარტნიორის მხრიდან ყურადღების ან ნდობის ნაკლებობას გრძნობთ. ეს კი აიძულებს ქვეცნობიერს, რომ ღალატის სხვადასხვა სცენარი „წარმოქმნას“.
ღალატზე სიზმრებს, როგორც წესი, ის ადამიანები ხედავენ, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, დარწმუნებული არიან, რომ სხვები მათზე უფრო ლამაზები და უკეთესები არიან.
ზოგჯერ ღალატი ესიზმრება ადამიანს, რომელსაც ცხადში არ სურს თვალი გაუსწოროს სიმართლეს და აღიაროს, რომ პარტნიორს სხვისკენ გაურბის თვალი.
მაგრამ თუ გესიზმრებათ, რომ მოღალატე თავად ხართ, ე.ი. დანაშაულის გრძნობას ებრძვით, რადგან რაღაც სახით საკუთარი თავი გაყიდეთ. გარდა ამისა, ასეთი სიზმარი შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ პარტნიორი სრულად არ გაკმაყოფილებთ.

სიკვდილი

სიკვდილის დასიზმრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართლაც ვინმე გარდაიცვლება. ეს უფრო რაღაც მნიშვნელოვანის დასასრულსა და თქვენს ცხოვრებაში ახალი თავის დაწყებაზე მიანიშნებს.

„თუ საკუთარი სიკვდილი გესიზმრებათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თვითგანვითარების რაღაც ეტაპს, რაღაც ტრანსფორმაციას გადიხართ — თქვენი ნაწილი იმისთვის მოკვდა, რომ სამაგიეროდ რაღაც ახალი დაიბადოს“, — განმარტავს კარმენ ჰარა.

თუ ვინმე ახლობლის გარდაცვალება დაგესიზმრათ — მშობლების, და-ძმისა თუ შვილის, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანთან თქვენი ურთიერთობები ვითარდება.
ხოლო თუ ყოფილი მეუღლის სიკვდილი იხილეთ სიზმრად, ე.ი. მასზე ფარული წყენა გაქვთ ჩადებული გულში, და რომ მის მიმართ თქვენი გრძნობა ნამდვილად მოკვდა.
თუ უკვე გარდაცვლილი ადამიანი დაგესიზმრათ, ე.ი. ის ან რაღაც მნიშვნელოვანის შეტყობინებას ცდილობს, ან გინდათ, რომ მის „წასვლას“ შეეგუოთ.

ვარდნა

მართალია, სიზმარში საიდანმე ჩამოვარდნა — სახლის სახურავიდან, ხიდან თუ თვითმფრინავიდან, სასიამოვნო სანახავი არ არის, მაგრამ ფიზიკურ ცხოვრებაში ამგვარ სიზმარს სრულიად განსხვავებული ახსნა აქვს.
„სიზმრები, რომლებშიც დიდი სიმაღლიდან ვარდებით, მიანიშნებს, რომ მდგომარეობაზე კონტროლი გაქვთ დაკარგული, ან რაღაც სიტუაციაში თავს მყარად ვერ გრძნობთ. ვარდნა ასევე შესაძლოა ნიშნავდეს იმასაც, რომ არასწორ გადაწყვეტილებას იღებთ და არასწორი მიმართულებით მოძრაობთ. ფროიდისეული ფსიქოლოგიის თანახმად, თუ სიზმარში საიდანმე ვარდებით, ე.ი. წინდახედულება დაგვიწყებიათ და მზად ხართ ნებისმიერ ცდუნებას ან სექსუალურ სურვილებს აჰყვეთ“, — ამბობს ფსიქოლოგი.

ფრენა

სიზმარში ფრენა სიტუაციის ფლობასა და პიროვნულ ძალაზე მეტყველებს.
„ფრენა არის სიმბოლო იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და რომ ყველაფრის მიღწევის ძალა შეგწევთ. თუ ძალიან მაღლა დაფრინავთ და ქვემოთ გადაშლილი ხედებით ტკბებით, ე.ი. მოტივირებული და იმედებით სავსე ხართ, ასევე რომ წნეხისა და დაძაბულობისგან გათავისუფლდით“, — მიაჩნია ამერიკელ სპეციალისტს.
ხოლო თუ სიზმრად ფრენისას შიშს განიცდით, შესაძლოა ცხადში სიძნელეები გაფრთხობდეთ.
თუ ასეთ სიზმარში დაბრკოლებებს აწყდებით, ე.ი. თქვენს ცხოვრებაში არიან ადამიანები ან არის სიტუაციები, რომლებიც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. და ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

სიშიშვლე

სიშიშვლე სიზმარში იმას ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში რაღაც გაიძულებთ, თავი დაუცველად ან უმწეოდ იგრძნოთ.
თუ გესიზმრებათ, რომ სკოლაში ან სამსახურში მიდიხართ შიშველი, ეს შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ გაკვეთილისთვის ან პროექტისთვის არ ხართ მზად;
თუ სიზმარში სიშიშვლის გამო ისე გრცხვენიათ, რომ გირჩევნიათ მიწამ გიყოთ პირი, ე.ი. ცხადში გაქვთ რაღაც სამარცხვინო ჩადენილი;
თუ პირიქით, სიშიშვლე მოგწონთ, ე.ი. თქვენ გულღია, პატიოსანი და უზრუნველი ადამიანი ხართ;
თუ თქვენს სიშიშვლეს თქვენ გარდა სხვა ვერავინ ამჩნევს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები, რომლებიც გაშფოთებთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს თავში არსებობს და მათ სხვა ვერავინ ხედავს.

დამბლა

თუ გესიზმრებათ, რომ ვერ ინძრევით ან ვერ ლაპარაკობთ, ე.ი. გაქვთ რაღაც წინააღმდეგობები, რომლებთანაც გამკლავების ძალა ჯერ არ შეგწევთ.

„სიზმარში მოძრაობის უუნარობა იმაზე მეტყველებს, რომ რეალურ ცხოვრებაში რაღაც მიზნის მიღწევის უნარი არ გაქვთ. ასეთი სიზმარი შესაძლოა იყო სტრესის ძლიერი ფაქტორების — უფულობის, სამსახურებრივი პრობლემების, ავადმყოფობის, ოჯახში არეულობების ან პარტნიორთან ჩხუბის შედეგი“, — მიაჩნია კარმენ ჰარას.

დაბოლოს, როგორც ფსიქოლოგი ამბობს, იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საკუთარი სიზმრები, ჯერ უნდა გაერკვეთ, თქვენი ცხოვრების რომელი ასპექტები გაიძულებთ განიცადოთ ყველაზე ძლიერი ემოციები: ბრაზი, მრისხანება, სიხარული.
ყველა ახალი ამბავი
0