„პიჯაკების საქმე“: მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
19:16 05.04.2022 (განახლებულია: 22:46 05.04.2022)
© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი პროცესს სასამართლო დარბაზში ესწრებოდა.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესი ეხება მის მიერ პირადი საჭიროებისთვის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეს.
სააკაშვილის საქმის მორიგი პროცესი, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯებს, სამშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგა. სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
დაცვის მხარეს სულ ორი შუამდგომლობა ჰქონდა. ადვოკატები საქმის მასალებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების დამატებით მტკიცებულებად დართვას ითხოვდნენ. დაცვის მხარის ვარაუდით, ეს განცხადება ადასტურებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.
კერძოდ, საუბარია კობახიძის განცხადებაზე: „სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, ეს არის დამატებითი არგუმენტი, რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი. მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ“.
დაცვის მხარე სასამართლოში მეორე შუამდგომლობით ითხოვდა, რომ მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს დაავალოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესასწავლად კონკრეტული ექიმების დაშვება.
საბოლოოდ მოსამართლის მიერ ორივე შუამდგომლობა უარყოფილი იქნა.
კოჭლამაზაშვილის თქმით, მართლმსაჯულების მიზანია სწორი სამართლებრივი შეფასება, სასამართლო არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკურ შემადგენელს და არ უნდა განიხილავდეს პოლიტიკურ განცხადებებს.
მთავარი ბრალდებული სასამართლო პროცესის დროს დარბაზში იმყოფებოდა. მას სიტყვა მისცეს და სააკაშვილმა თავისი ათწუთიანი გამოსვლის ძირითადი ნაწილი უკრაინის მოვლენებს დაუთმო.
პარალელურად სასამართლოს შენობასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
პროკურატურამ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად წარმოადგინა სააკაშვილის ხარჯების ნაწილი:
ნახატის შესყიდვა ლონდონში - მერედიტ ოსტრომის ნამუშევარი, რომელიც მკერდით ხატავს - 15.989 ლარი.
სააკაშვილის მიერ დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის შრომის, საცხოვრებელი ადგილისა და ესპანეთში დაბრუნების ხარჯები, ასევე მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურება - 191.643 ლარი.
სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროსა და ბილეთების თანხა - 75.181 ლარი.
სასტუმრო მომსახურება და სამკურნალო გახდომის პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის - 26.388 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბათუმში მარიამ საჯაიასთვის (დეპუტატი) – 6.342 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალანა გაგლოევასთვის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი) – 6.401 ლარი.
ბილეთების ყიდვა ვერა ქობალიას (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) მშობლებისა და დისთვის, ნინა ქობალიასთვის - 38.247 ლარი.
ავიალაინერის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის - 503.383 ლარი.
Porsche-ს, Mercedes-ის და Audi-ს დაქირავება ავსტრიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის - 58.876 ლარი.
ლიმუზინისა და მინივენის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის ვერონაში ვიზიტის დროს - 45.214 ლარი.
ვერტმფრენის დაქირავება პერუში - 33.204 ლარი.
იახტის დაქირავება პიზაში - 25.237 ლარი.
შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შეძენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში - 49.499 ლარი.
ორი კოსტიუმის (ხელით შეკერილი) შეძენა - 7.994,84 ლარი.
ათი მაჯის საათის შეძენა საქართველოსა და ინგლისში - 53.283 ლარი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდება.