სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე დამნაშავეებს კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2022
გამოწერა
პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჟურნალისტების ცემაა აღბეჭდილი.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის საქმეზე ექვს ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა.
განაჩენი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა. ბრალდებულები ბრალდების ყველა პუნქტით დამნაშავეებად ცნეს.
აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს ხუთ-ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ცოტნე ჩიხლაძის საქმეში შეიცვალა ერთ-ერთი მუხლის კვალიფიკაცია. ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორზე ლექსო ლაშქარავაზე და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის გარდა, ჩიხლაძეს ბრალი წაუყენეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილიკო თვალიაშვილისთვის მძიმე დაზიანებების მიყენების ფაქტზეც.
ნიშანდობლივია, რომ არცერთმა ბრალდებულმა დანაშაული დღემდე არ აღიარა.
პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც აღბეჭდილია ბრალდებულების მიერ ჟურნალისტების ცემა. გარდა ამისა, ბრალდებამ დაკითხა მოწმეები, მათ შორის, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც დეტალურად აღწერენ ბრალდებულების მიერ ჩადენილ ძალადობას.
ექვსივე პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა); 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით); 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამიწვია) და 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ჯგუფურად).
ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა.
იმ დღეებში სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
საქმეზე პირველი განაჩენი 17 მარტს გამოიტანეს – 2021 წლის 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ყავლაშვილს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0