„ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს არჩევნებზე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

© photo: Sputnik / Stringerბიულეტენები საარჩევნო ურნაში
ბიულეტენები საარჩევნო ურნაში - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2022
გამოწერა
საზოგადოება მხარს უჭერს და აფასებს ხელისუფლების კურსს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე რთულ პროცესებთან, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა გასულ შაბათს ქვეყანაში გამართულ შუალედურ არჩევნებში მხარდაჭერისა და მაღალი აქტივობისთვის.
2 აპრილს ამომრჩევლები ირჩევდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატსა და ბათუმის სათათბირო ორგანოს (საკრებულოს) მაჟორიტარ დეპუტატს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ რუსთავსა და გარდაბანში და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.

„ჩვენმა კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა მიიღო 34 ათასზე მეტი ხმა, ამომრჩეველთა ხმების 90,1%. ირაკლი შატაკიშვილს ვულოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას. ირაკლი არის მაღალკვალიფიციური იურისტი, ნამდვილი პროფესიონალი და მოხარული ვართ, რომ ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობას“, – განაცხადა კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ ბათუმის არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მათე ფუტკარაძე.
„ჩვენმა კანდიდატმა მიიღო ამომრჩეველთა ხმების 69 პროცენტი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მადლობას ვუხდით ბათუმელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის, ბატონ რამაზს კი ბათუმის საკრებულოში წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბათუმში არჩევნებში გამარჯვების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მანდატების უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, რაც იყო აუცილებელი პირობა ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შეუფერხებელი მიღებისთვის.

„ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ადასტურებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს და აფასებს ხელისუფლების კურსს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს უკავშირდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები: ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ (№5) 3.244 ხმა მოიპოვა (30,98%), ხოლო მისმა ოპონენტმა „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძემ – 7.225 ხმა (69,01%).
რუსთავსა და გარდაბანში 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ გაიმარჯვა ირაკლი შატაკიშვილმა („ქართული ოცნება“) – 34.333 ხმა (90,61%). შემდეგ მოდიან მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის“ (№34) – 2.634 ხმით (6,95%) და კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიიდან“ 923 ხმით (2,43%).
ყველა ახალი ამბავი
0