მთავრობამ დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი

© photo: Sputnik / Goga Vardzieliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2022
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკამ ზრდა რომ გააგრძელოს, საჭიროა პროექტების რეალიზება, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ეკონომიკის აღდგენის მაღალი ტემპი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 14,6% შეადგინა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, იანვარი–თებერვლის საშუალო მაჩვენებელმა კი – 16,3%.

„ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენის პროცესი გრძელდება, იანვარში ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, თებერვალში გვქონდა 14,6%. იანვარი–თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 16,3%, რაც ძალიან სასიხარულოა. მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი და მთელი მსოფლიოს წინაშეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის სიტყვებით, იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ ზრდა განაგრძოს, საჭიროა ისეთი პროექტების რეალიზება, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკურ აქსელერატორს, განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიმართულებით.
საქართველოს მთავრობაში ამჟამად მუშაობენ საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მიმართულებით ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმად, სამშენებლო კომპანიები შეძლებენ ბანკებში კრედიტების აღებას სახელმწიფოს გარანტიით.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მნიშვნელობაზე, ტურისტული სექტორის მხარდაჭერაზე, რომელიც ქონების გადასახადისგან გაათავისუფლეს.
„ამიტომ გვჭირდება ძალიან მაგარი, ერთიანი, კოორდინირებული, აქტიური მუშაობა, რომ არცერთ პროექტს არ ჰქონდეს ჩამორჩენა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ეკონომიკის განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის სიტყვებით, ეკონომიკის აღდგენის ნაწილში დაფიქსირებულია მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც მომდევნო თვეებშიც უნდა შევინარჩუნოთ.

„იანვარი–თებერვალში ჯამში 16,3%-იანი ზრდა გვაქვს და ეს პანდემიამდელ მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება. საქართველოს ეკონომიკის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ტენდენცია დაფიქსირდა. ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, საჭიროა, რომ წელს ზრდა დანარჩენ თვეებშიც შენარჩუნდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილმა დასძინა, რომ დადებითი ტენდენცია სავაჭრო ბრუნვის მიმართულებითაც იყო. იანვარი–თებერვალში ექსპორტი 54,5%-ით გაიზარდა და 760,4 მლნ დოლარი შეადგინა. საგრძნობლად გაიზარდა ფულადი გადარიცხვები, რამაც 353,2 მლნ დოლარი შეადგინა, 13%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნება.
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ე.წ. Stand by arrangement-ის რეჟიმში ვიწყებთ ახალ პროგრამას. ეს შეთანხმება საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს სსფ-ის საბჭოს მიერ. მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – საქართველო მიიღებს 189 მლნ დოლარს და ჩვენ გვექნება პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მრავალ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც მოიცავს სტრუქტურულ მიმართულებებსა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან მიმდინარეობს აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი, რაც აისახება პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გადარიცხვების და საწარმოთა ბრუნვის ზრდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0