ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2022
გამოწერა
ქვეყანაში მომზადდა ანაკლიის განვითარების და პორტის მშენებლობის რამდენიმე პროგრამა, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას არ უთქვამს უარი ანაკლიაში პორტის აშენების გეგმებზე და საკითხის უფრო დეტალურად შესასწავლად კვლევა ჩატარდა, თუმცა ინვესტორის მოსაძებნად უნდა მოგვარდეს დავები საარბიტრაჟო სასამართლოებში, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საფინანსო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტი გაწყვიტა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB.
იმავე წლის ზაფხულში კონსორციუმმა და პროექტის ერთ–ერთმა მსხვილმა უცხოელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს. კონსორციუმის ძირითადი მოთხოვნებია: ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება, რომელიც, მათი თქმით, 1 მლრდ დოლარს აჭარბებს და შეთანხმების აღდგენა.
„ანაკლიის პროექტი საკმაოდ დიდია. რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორია, რომელიც სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს. დეტალური კვლევა ჩავატარეთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოს პორტები შეისწავლა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და არ გვქონოდა მხოლოდ ერთ პორტზე აქცენტი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, კვლევის შედეგად მომზადდა ანაკლიის განვითარების და პორტის მშენებლობის რამდენიმე პროგრამა, მაგრამ ამჟამად ხელისუფლების წინაშე სხვა ამოცანები დგას, მათ შორის საარბიტრაჟო დავების მოგვარების საკითხი.
„საბოლოოდ, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებასთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
„ინფრასტრუქტურული ჩავარდნა ერთ-ერთი გამოწვევაა იმისთვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი. მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ მიმართულებებზე, ერთ-ერთი არის სატვირთო გადაზიდვები და აქაც კონკრეტულ კრიტიკულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია. ეს პროცესი მიდის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საუკუნის პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს - ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თი-ბი-სი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
ყველა ახალი ამბავი
0