ღარიბაშვილი: აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები პატივისცემას იმსახურებენ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2022
გამოწერა
2 აპრილი მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. ეს დღე საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება.
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დასახმარებლად, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე (World Autism Awareness Day) გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს დააწესა. 2008 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია – გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
„ყველა ადამიანი იბადება უნიკალური ნიჭით, რომელიც თითოეული ჩვენგანის პატივისცემას იმსახურებს. ხელისუფლების, კერძო სექტორის, მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებას, უზრუნველვყოთ მათი აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებასა თუ საკუთარი მომავლის დაგეგმვაში, ვიზრუნოთ მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმებისა და სხვა უფლებების ყოველმხრივ დაცვაზე“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
გარდა ამისა, პრემიერი საქართველოს მთავრობის სახელით მომავალშიც თანადგომას დაპირდა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრების თითოეულისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0