„სუხიშვილები" დამფუძნებლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში კონცერტებს გამართავს

© photo: Sputnik / V. Bukhnikashvili / გადასვლა მედიაბანკშიილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი
ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
„სუხიშვილები" პირველი ხალხური ცეკვის ანსამბლია, რომელიც 1967 წელს მილანში La Scala-ს სცენაზე გამოვიდა.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" ანსამბლის დამფუძნებლის – მოცეკვავის, ბალეტმაისტერის, ქორეოგრაფის ილიკო სუხიშვილის 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით 16 და 17 აპრილს კონცერტებს გამართავს.
საიუბილეო კონცერტებზე ნაჩვენები იქნება ანსამბლის კლასიკური პროგრამა. ღონისძიება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) 19:00 საათზე დაიწყება.
ილიკო სუხიშვილი თბილისში 1907 წლის 4 აპრილს დაიბადა. 1924 წელს დაამთავრა ქართული ხალხური ცეკვების სტუდია (ამჟამად თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი). 1925 წლიდან ცეკვავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ასრულებდა ქართულ ხალხურ ცეკვებს. 1928-1932, 1935-1939 და 1941-1945 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გამოჩენილი მოცეკვავე და დამდგმელი–ქორეოგრაფი.
1945 წელს ილიკო სუხიშვილმა მეუღლესთან, სსრკ-ის სახალხო არტისტთან ნინო რამიშვილთან ერთად საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლი დააარსა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მუშაობდა, სადაც იყო სოლისტი (1954 წლამდე) და სამხატვრო ხელმძღვანელი. ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ქართული ფოლკლორის აღორძინება დაიწყეს. ეს იყო საქართველოში პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითზე შეიქმნა სხვა ანსამბლები. 1948 წელს ანსამბლი ევროპაში პირველ გასტროლზე წავიდა.
მალე ანსამბლმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა, რომელიც დღემდე არ დაუკარგავს. „სუხიშვილები" პირველი ხალხური ცეკვის ანსამბლია, რომელიც მილანში La Scala-ს სცენაზე გამოვიდა — ეს ჯერ კიდევ 1967 წელს მოხდა.
დღეს მსოფლიოში ცნობილ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა უდგას სათავეში. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილია.
ანსამბლმა ქართულ ცეკვაში ე.წ. „მოდერნ-ბალეტთან" მიახლოებული ინოვაციური რეფორმა განახორციელა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ქართული ნაციონალური ქორეოგრაფიაა — ანსამბლის მიერ დადგმული ყველა ცეკვა ქართულ ფოლკლორზეა დაფუძნებული.
ყველა ახალი ამბავი
0