საქართველოს პარლამენტში უკრაინის ელჩის გაწვევა შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
ზელენსკის პოლიტიკური გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია, მიაჩნია ვოლსკის.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევა დაუკავშირა უკრაინელი ოფიციალური პირების გავლენას, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებიან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ განმარტა, მიზეზი არის დიპლომატების არასაკმარისად პროდუქტიული მუშაობა, ვინაიდან ქვეყნები, სადაც ისინი მუშაობენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

„არც ისეთი გულუბრყვილოა ჩვენი საზოგადოება, რომ დაიჯეროს – მხოლოდ იმის გამო გაიწვია ელჩები, რომ თურმე იარაღი ვერ მიიღო და სამხედრო მხარდაჭერა საქართველოსგან და მაროკოსგან, როცა უამრავი ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია... ეს გადაწყვეტილება, ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ (უკრაინაში) და ფაქტობრივად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერი ელჩის გაწვევას დემარშად აფასებს.
„ეს შეურაცხყოფაა არა მარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს უკრაინის დაზარალებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ინახავენ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში და რომელიც არასდროს უკან არ დაიხევს, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, საქართველომ არა უკრაინის პრეზიდენტს, არამედ უკრაინელ ხალხს უნდა დაუჭიროს მხარი, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი, ან ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც, მისი თქმით, არის არა მოკავშირე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი.

უკვე მეორედ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან „კონსულტაციებისთვის“ ელჩის გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლების „არამორალური პოზიციის" გამო პირველად 1 მარტს განაცხადა.
ზელენსკის განცხადების შემდეგ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულად ანდრეი კასიანოვი დარჩა. ამასობაში, მარტის შუა რიცხვებში მედიასაშუალებებისთვის ცნობილი გახდა, რომ გაწვევის მიუხედავად იგორ დოლგოვს საქართველო არ დაუტოვებია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0