პროკურატურამ დაადასტურა ზუგდიდში ავტომობილის აფეთქების მცდელობა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ზუგდიდში
პოლიცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში დაკავებულ ორი პირს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
პოლიციამ წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი 44 და 56 წლის მამაკაცები გუშინ დააკავა. ოთხშაბათს შსს-მ დაადასტურა მხოლოდ ის, რომ დაკავებულებს ორი ხელყუმბარა აღმოაჩნდათ, მედიასაშუალებები კი ამტკიცებდნენ, რომ დაკავებულები ავტომობილის აფეთქებას აპირებდნენ.
როგორც პროკურატურა აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 30 მარტს ზუგდიდში დაკავებული პირები წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ერთ-ერთი მოქალაქის მკვლელობის მიზნით მის სარგებლობაში არსებულ ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების, კერძოდ ხელყუმბარების დამონტაჟებას ცდილობდნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის დროს დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ორი ცალი ხელყუმბარა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18–109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება, ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - გენერალური პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0