გლობალიზაცია უქმდება. დასავლეთი ძლევამოსილების საყრდენს კარგავს

© AFP 2024 / AFP 2020 / STR
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
დღეს ფსონი ისე გაიზარდა, როგორც არასდროს. საუბარია არა უბრალოდ უკრაინის ბედზე და არც თავად რუსეთის, როგორც ძლევამოსილი სახელმწიფოს ბედზე, არამედ მსოფლიოს მომავალზე. არა იმ გაგებით, რომ ის ბირთვული ომის ზღვარზეა (ასე არ არის, როგორც არ უნდა ეცადონ ამ აზრის დამკვიდრებას), არამედ იმიტომ, რომ სწორედ ახლა დგას სამყარო მომავლის გზაჯვარედინზე, ახლა წყდება, როგორ განვითარდება კაცობრიობა და რა ფორმას მიიღებს საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო ეკონომიკა. ეს ესმით არა მხოლოდ რუსეთში, ჩინეთსა თუ მთელ არადასავლურ სამყაროში – გამოწვევის მასშტაბს ობიექტური ანგლოსაქსელი სტრატეგებიც აცნობიერებენ.
Bloomberg-ი წერს: „გლობალიზაციის მეორე ეპოქა წარსულს ბარდება. თუ სასწრაფოდ არ ვიმოქმედებთ, მსოფლიო მტრულ ბანაკებად დაიყოფა იმისგან დამოუკიდებლად, რაც უკრაინაში ხდება. და ეს დაყოფილი მსოფლიო დასავლეთისთვის მისაღები არ იქნება“.
რატომ მეორე? იმიტომ რომ პირველი დასრულდა პირველი მსოფლიო ომით, გლობალიზაციის დღევანდელი საფრთხე კი 1914 წლის მდგომარეობის მსგავსია. ამასთან, „გლობალიზაციის დასავლურ პროექტზე“ საუბარი კატეგორიულად არასწორია. გლობალიზაცია ეკონომიკური ლიბერალიზმის საფუძველზე – წმინდად ანგლოსაქსური პროექტია, რომელიც მათივე ელიტების ინტერესებს პასუხობს.
Bloomberg-ის ავტორების - ჯონ მაიკლტვეიტისა და ედრიან უოლდრიჯის აზრით, პირველი გლობალიზაცია დამთავრდა იმის გამო, რომ მაშინდელი ელიტები თვითკმაყოფილები და ახლომხედველები იყვნენ. ამიტომ ყველაფერი კატასტროფით დასრულდა. ახლაც იგივე შეიძლება მოხდეს.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ გლობალიზაციაზე შეტევა დაიწყო და გრძელდება 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და Brexit-ის შემდეგ. ავტორები აღიარებენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა იყოფა ჩინურ და დასავლურ ნაწილებად, რომ კორონავირუსმა შეანელა ეკონომიკური ინტეგრაცია. მაგრამ სწორედ უკრაინა გახდა ის, რამაც შესაძლოა ბოლომდე გაანადგუროს გლობალიზაცია, რადგან ერთიანი მსოფლიო ბაზარი ნაწილებად დაიყოფა.
მაგრამ განა თავად დასავლეთი არ უბიძგებს მსოფლიოს ამ დაყოფისკენ თავისი გიჟური სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ. მაიკლტვეიტი და უოლდრიჯი ამაზე არ დავობენ, მაგრამ ცდილობენ გაამართლონ ეს ქმედება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მიზნების მიღწევა, ანუ რუსეთის შეჩერება, რომელიც გლობალიზაციის მთავარი მტერია.
ბრიუსელში შეკრებილი დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ არ აპირებენ გლობალური წესრიგის დანგრევას. მთელი ეს ეკონომიკური სანქციები მოწოდებულია პუტინის აგრესიის დასჯისკენ, რათა აღადგინონ წესებზე დაფუძნებული სისტემა, რომლის რღვევასაც ის ცდილობს.
მაგრამ როგორია ამის შანსი? ინგლისელები აღიარებენ, რომ ისეთივე მცირე, როგორიც კრემლში რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობა.
პროცესი გლობალიზაციის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს.
უკრაინის კრიზისი კი განსაკუთრებით აჩქარებს ასეთ ცვლილებებს როგორც გეოპოლიტიკაში, ისე კაპიტალისტურ მსოფლმხედველობაში, რომელიც გლობალიზაციისთვის სრულიად მიუღებელია.
გეოპოლიტიკური ცვლილებები დაიყვანება ერთ მოცემულობამდე: ცენტრალურ გეოპოლიტიკურ ფაქტორად ყალიბდება ჩინეთი თავისი სწრაფი და ურყევი აღმასვლით.
მაიკლტვეიტი და უოლდრიჯი გლობალიზაციისა და დასავლეთის გადარჩენის ერთადერთ საშუალებას ხედავენ: საჭიროა გაერთიანება. და არა სიტყვებითა და ლოზუნგებით, არამედ ეკონომიკურად. უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, დაჩქარდეს გლობალიზაცია დასავლეთის მასშტაბით.
შეერთებულმა შტატებმა ევროპას უნდა შესთავაზოს ყოვლისმომცველი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რათა დასავლეთი ერთ მუშტად შეკრას.
შემოთავაზებულია ორი სტადია: ჯერ აშშ-ისა და ევროპის ერთ ეკონომიკურ ორგანიზმში გაერთიანება, შემდეგ მასთან ლათინური ამერიკისა და აზიის ნაწილის მიერთება. ეს დასავლეთს ავტოკრატიებზე – ჩინეთზე, რუსეთსა და მათთან მიკედლებულ ქვეყნებზე დიდ უპირატესობას მისცემს.
ლამაზი, მაგრამ არარეალისტური მოდელია. ის ითვალისწინებს გლობალიზაციის გაგრძელებას ანგლოსაქსური გეგმით, ოღონდ რამდენიმე დიდი ქვეყნის გარეშე, იმ გათვლით, რომ დროთა განმავლობაში ისინიც გატყდებიან და თავისუფალ და ლიბერალურ სამყაროს შეუერთდებიან. მაგრამ გლობალიზაციის არსებული პროექტი ხომ ჩაიშალა – ამას თავად სტატიის ავტორებიც აღიარებენ.
გასაგებია, რომ იმედი ბოლოს კვდება. მაგრამ ერთიანი დასავლეთის ფარგლებშიც კი ინტეგრაციის შანსი მინიმალურია. თავად შეერთებული შტატებიც ეკონომიკურად თითქმის იზოლაციისთვისაა განწირული.
როგორც სტატიის ავტორები წერენ: „დაყოფილი სამყარო დასავლეთისთვის მისაღები არ იქნება. შეხედეთ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციას გმობს. შედეგების ყველაზე ფართოდ გაპიარებული ციფრებია ის, რომ მხოლოდ 40-მა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას (35-მა თავი შეიკავა, ხუთი წინააღმდეგი იყო), სამაგიეროდ ხმა მისცა 141-მა ქვეყანამ. მაგრამ ამ 40 ქვეყანაზე, მათ შორის, ინდოეთსა და ჩინეთზე ხომ დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოდის“.
მაგრამ მთავარი არის არა მოსახლეობის პროცენტულობა, არამედ ის, რომ მსოფლიო ბატონობაზე ანგლოსაქსური პრეტენზიები, რომელსაც უბრალო ადამიანები გლობალიზაციას უწოდებენ, გაკოტრებული აღმოჩნდა. გლობალიზაციის მეორე მცდელობა ჩაიშალა და, თავად ბირთვის (აშშ და დიდი ბრიტანეთი) ქვეყნებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მესამე შანსი ნამდვილად არ ექნებათ. არც მესამე გლობალიზაციისა, არც მესამე მსოფლიო ომისა. ახალი მსოფლიო წესრიგი მათი სცენარით არ აიგება, არც მათი ინტერესების შესაბამისად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0