კონფლიქტი პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის გრძელდება - პარტიაში ფაქტები დაასახელეს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებული პოლიტიკური სკანდალი სულ უფრო მწვავდება.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც საუბრობს ელჩების დანიშვნაზე, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და ყველა მათგანი დაინიშნა სალომე ზურაბიშვილის თანხმობით.

„გაუგებარია რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას... გასული წლის ივნისი-ივლისში პრეზიდენტს მთავრობისგან გაეგზავნა სამი წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია თითქმის ერთი წელიწადი. შესაბამისად, პრეზიდენტმა უარი განაცხადა მათ დანიშვნაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მისი სიტყვებით, ორი-სამი კვირის წინ მთავრობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნა წარდგინება ორი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით, ერთის გამოწვევასა და ორის დანიშვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა პირდაპირ წერილობით უარი თქვა ორი ელჩის დანიშვნაზე და ერთის გათავისუფლებაზე, განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის აზრით, პრეზიდენტს ესმის, რომ ელჩების საკითხის გადაჭრა მისი კომპეტენცია არაა და, როგორც ჩანს, ამიტომ უწევს არასწორი ინფორმაციის გავრცელება.
მან აღნიშნა ასევე, რომ პრეზიდენტმა უარი დაასაბუთა არგუმენტებით, რაც მის უფლებამოსილებაში არ შედის, რადგან საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა მთავრობის პრეროგატივაა.

„პრეზიდენტი იჭრება საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში, მსჯელობს იმაზე, თუ რა არის მიზანშეწონილი და რა – არა. ეს თავისთავად დამატებით მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია ამ შემთხვევაში კონსტიტუცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჩიხური მდგომარეობა

ელჩების დანიშვნის კომპეტენციის საკითხი საქართველოში ჩიხში მოექცა. კონსტიტუციით, ელჩების დანიშვნა - საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მმართველ ძალაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა სიმბოლურად უნდა მოაწეროს ხელი დანიშვნას, რადგან საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა და კანდიდატების შერჩევა მთავრობის კომპეტენციაში შედის.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სურდათ ამ საკითხით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ, მაგრამ კანონით არ შეიძლება პრეზიდენტის მოქმედების ან უმოქმედობის გასაჩივრება, არამედ შეიძლება მხოლოდ მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის გასაჩივრება.
ამასთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ მოამზადა შესწორებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებას მისცემს, განიხილოს და უპასუხოს კითხვას, ვის კომპეტენციაში შედის ელჩების დანიშვნა - მთავრობის, რომელიც არჩევს კანდიდატებს და წარუდგენს მათ პრეზიდენტს, თუ პრეზიდენტის, რომელიც ხელს აწერს დანიშვნას.
ცვლილებების მიღება იგეგმებოდა დაჩქარებული წესით კვირის ბოლომდე, თუმცა მმართველმა პარტიამ, ოპოზიციის ბრალდებების ფონზე, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის დასჯას ცდილობს, პროცესის ორი კვირით გადადება გადაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0