წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატს თანამოაზრეები თავდებში უდგებიან

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
პარტიაში „საქართველოსთვის“ აბულაძის დაკავებას უკანონო უწოდეს და ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან თავდებში დაუდგნენ წალენჯიხის რაიონის საკრებულოს დეპუტატ გელა აბულაძეს. ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
აბულაძე პარტიის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ორშაბათს დააკავეს. პროკურატურამ მას მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებაში ბრალი უკვე ოფიციალურად წაუყენა. აბულაძის დაკავებას პარტიაში უკანონო უწოდეს და ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

„ამ საქმეზე ჩვენ ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დავიწყეთ საუბარი. სწორედ ამ პერიოდში მოხდა გამოძიების დაწყება. ესეც ადასტურებს, რომ ამ საქმის ერთადერთი მოტივაცია პოლიტიკური შურისძიებაა ამ ადამიანისა და მისი ოჯახის მისამართით“, – განუცხადა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, გელა აბულაძე და მისი ოჯახი წალენჯიხაში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობენ.
„მას დიდი ავტორიტეტი აქვს მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მათ შორის „ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და წევრებში“, – აღნიშნა ბუჩუკურმა.
თაღლითობის გზით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ აბულაძის გარდა ბრალდება ასევე წარუდგინა წალენჯიხის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერში და კიდევ ცხრა პირს.
აბულაძის ადვოკატის ლაშა თორდიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. უკვე ცნობილია, რომ სასამართლოში ბრალდების მხარე აღკვეთის ზომად აბულაძისა და მერის წარმომადგენლის პატიმრობას მოითხოვს, დანარჩენი პირებისთვის კი 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს.
საქმის დეტალები
როგორც პროკურატურა ამტკიცებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა.
მერის წარმომადგენელმა შეთანხმებისამებრ გასცა ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც საკრებულოს წევრმა და მისმა ნათესავებმა ერთი დღის ინტერვალით მიმართეს საჯარო რეესტრს და უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ქონება.
უწყების ცნობით, ყალბი ცნობების საფუძველზე აღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს სულ 406.250 ლარის ღირებულების ჯამში 100.083 კვადრატული მეტრი 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
წალენჯიხის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და კიდევ ცხრა პირს ბრალდება წარედგინათ>>
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 8 პირს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოფელ ეწერში წალენჯიხის მერის წარმომადგენელს ბრალდება სსკ-ის 25–180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 341-ე მუხლით (წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება და სამსახურებრივი სიყალბე) წარედგინა, რაც ასევე ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო წალენჯიხის მერიის თანამშრომელს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე). დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს წევრის და მერის წარმომადგენლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, ასევე სხვა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0