ამბავი ერისმთავრის მშვენიერი დისა: სიკვდილი სამშობლოს საზღვართან

© Pixabay / SarahRichterArtქალი მთებში
ქალი მთებში - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
ქრისტეს აქეთ მერვე საუკუნე. არაბთა სახალიფო ძლიერების ზენიტზეა, არავინაა მისი მძლეველი. მაგრამ გამოჩნდნენ ხაზარები — ნუშუბის თურქული ტომის შთამომავლები, და პირველი მარცხი აგემეს არაბებს...
სამწუხაროდ, საქართველო არაბთა და ხაზართა საბრძოლო ასპარეზად იქცა. ეს ორი „ვეშაპი“ ამიერკავკასიაში შეერკინა ერთმანეთს და ამ ომებმა მთლიანად გააპარტახა აღმოსავლეთი საქართველო.
ხაზარებმა არაერთხელ სცადეს ქართველები მოკავშირეებად გაეხადათ, მაგრამ ქართლის დიდებულები ხაზარებთან დამოყვრება-დამეგობრებას სიკვდილს ამჯობინებდნენ, რადგან დიდი იყო სიძულვილი მათ მიმართ.
ქართლის ერისმთავარ ჯუანშერს სილამაზით განთქმული და ჰყავდა, სახელად შუშანა. მისი მშვენების ამბავი შორეულ ხაზარეთშიც შეეტყოთ და ხაკანმა ქართლში მსტოვრები გამოგზავნა ცნობების მოსაგროვებლად. მათაც ისე უქეს და უდიდეს ქართლის ერისმთავრის სათნო ასული მბრძანებელს, რომ ხაკანმა ძილი და მოსვენება დაკარგა.
მერმე მოციქული აახლა შუშანას ძმას — ჯუანშერ ქართლის ერისმთავარს, ურიცხვი ოქრო და თვალ-მარგალიტი გამოატანა და შუშანას ხელი ათხოვნინა. თან შემოუთვალა, თუ დამიმოყვრდები, ჩემი მეომრები მთელ ამიერკავკასიას გაწმენდენ არაბებისგან და მერე შენ დაგიტოვებ სამართავადო.
არაბების განდევნა ოცნებად ჰქონდა ქცეული ჯუანშერს, ხოლო ისეთი ძლიერი იმპერიის მოკავშირეობა, როგორიც ხაზარეთი იყო, დიდად წაადგებოდა ქვეყანას. ამიტომ ხაკანის წინადადება ერისმთავრისთვის კი იყო მისაღები, მაგრამ შუშანამ სასტიკი უარი განაცხადა ხაზარეთში გათხოვებაზე. არ იქნება ქრისტიანი ქალის წარმართზე დაქორწინებაო – ელჩის პირით ცივი უარი შეუთვალეს ხაზართა მეფეს.
და 764 წელს, ხაკანის შელახული ღირსების დასაცავად, ხაზართა დიდი ურდო დაიძრა ქართლისკენ ბლუჩანის სარდლობით.
ჯუანშერი კახეთში დაუხვდა მტერს, ბრძოლა გაუმართა. სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ხაზარებმა იმძლავრეს და კახეთის თითქმის ყველა ციხე-სიმაგრე აიღეს — ის მიუვალი ციხეც, სადაც ჯუანშერი შუშანასთან და დედასთან ერთად აფარებდა თავს. ბლუჩანმა სამივე დაატყვევა, მერე თავისი მეომრები თბილისს შეუსია, ქალაქი გადაწვა და უკან, ხაზარეთს გაბრუნდა. ტყვეებიც თან წაიყვანა.
ურდომ საქართველოს ჩრდილოეთ სამანს მიაღწია და დარიალთან ახლოს კარავი დასცა. შუშანამ ძმა გაინაპირა და მშვიდი მუსაიფი გაუბა. ხაზარებმა თვალი კი ჰკიდეს მოსაუბრე და-ძმას, მაგრამ საეჭვო არაფერი ჩანდა და ყურადღება მოადუნეს.
შუშანა კი მშვიდი სახით მძიმე გულისწადილს უმხელდა ძმას: ხელი არ შემიშალო, ძმაო, მირჩევნია მოვკვდე და ქვეყნისთვის წამებულ ქალთა შორის მომიხსენიონ, ვიდრე წარმართთაგან შეგინებული გავხდე, ახლა უნდა მოვკვდე, აქვე, რამეთუ მშობლიური მიწა თავდებაო.
და ჯუანშერმაც არ შეაკავა.
შუშანამ მის თვალწინ გახსნა საფირონისთვლიანი ოქროს ბეჭედი, საწამლავი ამოწოვა და ძმის მკლავებზე დალია სული. იქვე მიაბარეს მიწას ულამაზესი შუშანა, რომლის მშვენებისთვის სიკვდილსაც კი ვერაფერი დაეკლო.
უსაზღვროდ განრისხდა ხაკანი, როდესაც სარდალმა ბლუჩანმა ქალის სიკვდილი ამცნო. ცოფები ჰყარა ხაზართა მეფემ – ან თავი როგორ მოაკვლევინე, ან მიცვალებული აქ რად არ ჩამოასვენე, რომ საკუთარი თვალით მენახა მისი სილამაზეო. გამძვინვარებულმა სასტიკი განაჩენი გამოუტანა სარდალს:

„შეიპყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი და განზიდვად სცეს ორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოსწყვდეს თავი ბოროტად“.

ხოლო როცა ხაზართა მეფის მრისხანება დაცხრა, ჯუანშერის მიმართ ლმობიერება გამოიჩინა, ტყვეობიდან გაათავისუფლა, უხვად დაასაჩუქრა და თვალ-მარგალიტით დატვირთული საპალნეებით გამოისტუმრა სამშობლოში...
ყველა ახალი ამბავი
0